ლევან მურუსიძე - სანქციების დაწესება არის მცდელობა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებს დაექვემდებაროს
რეალურად ხდება სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომ შემდგომ მოხდეს ბერკეტების ხელში აღება, – ასე გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე აშშ-ის გადაწყვეტილებას მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით.
როგორც ლევან მურუსიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, „ეტყობა, სასამართლო რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ვიღაცებს არ აწყობდათ, ვის, ეს ცხადია უკვე. მცდელობაა იმისა, რომ ქართული სასამართლო და ქართული მართლმსაჯულება დაექვემდებაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს“.
მისივე თქმით, მუშაობდა, რომ სასამართლო მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი და ქვეყანას სუვერენიტეტი არ დაეკარგა.
„სიმართლე გითხრათ, არ მეშინია, გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც არის. არ არის ნამდვილად სასიამოვნო, მაგრამ არც იმის მეშინია, ქონება არ მაქვს, რომ ანგარიშები დამიყადაღონ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ვიღაცებს თავიანთი მიზნები აქვთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, მერე მართონ და ამას დაარქვან ადამიანის უფლებებისა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება, როგორც არის ნათქვამი, ძალა აღმართს ხნავსო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ძალა არის, თავი დახარო და უკადრებელი იკადრო. მე ვცხოვრობდი ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას. მიმაჩნდა, რომ სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია, ვემსახურებოდი იმას, რომ სასამართლო მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი არ დაეკარგა, მაგრამ რა ვქნათ ახლა“, – აცხადებს მურუსიძე.
კითხვაზე, რატომ არის ხაზგასმული კორუფციასთან კავშირი ენტონი ბლინკენის განცხადებაში, მურუსიძემ უპასუხა, რომ კორუფციასთან კავშირი მხოლოდ მიზეზია რეალური მიზნების დასამალად.
„რა კორუფციაზეა საუბარი, თუ რამე კორუფციაში ვიყავი ჩართული, დააყადაღონ ანგარიშები და ამოიღონ რაღაცა. აქ კორუფციაზე არ არის რეალურად საუბარი – როცა საუბრობენ კორუფციაზე, რეალურად არის ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მართვა უნდათ. არავის სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, უნდათ, რომ შემოვიდნენ სასამართლო სისტემაში და მართონ სასამართლო სისტემა. მე რომ გავაკეთე განცხადებები ამერიკის საელჩოზე, რეალურად, სასამართლო სისტემას არაფერში არ ეხმარებიან და ეს ყველაფერი არის პიარი, იფიქრეს, ლევან მურუსიძე გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენ შევიდეთ სასამართლო სისტემაში, კონტროლი დავამყაროთ და გასაგებია ეს. გამოჩნდება ყველაფერი, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, მაგრამ არ ვაპირებ, რამეზე თავი დავხარო. ბაბუაჩემსაც არ უვლია ევროპაში და მეც როგორღაც გავძლებ აქ. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ჩემ გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები არიან. ქართველი ხალხის სახელით იტყვიან ხოლმე რაღაცებს, სინამდვილეში, ამერიკელმა ხალხმა საქართველო სად არის, ისიც არ იციან. ქართული სახელმწიფო სისტემის ხელში ჩაგდების პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.