ლევან მურუსიძე - როდესაც მოსამართლეობის კანდიდატები წარდგებიან პარლამენტში, საზოგადოება დაინახავს, რომ ისინი არიან ღირსეულები
როდესაც წლების განმავლობაში ხან ერთი პრეზიდენტი, ხან მეორე წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც პატივცემულ დეპუტატებს, არავის არ გასჩენია სურვილი, ისინი რამე კრიტერიუმით შერჩეულიყვნენ, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პარლამეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისარგებლა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და წარადგინა 10 კანდიდატი, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს სასამართლო სისტემას.
მურუსიძის თქმით, ერთადერთი რაც მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტში მოსწონს არის ის, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იქნება ღია.
„დარწმუნებული ვარ, როდესაც საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები წარდგებიან პარლამენტში და როდესაც ისინი გასცემენ ყველა შეკითხვას პასუხს, საზოგადოება დაინახავს, რომ ისინი არიან ღირსეული კანდიდატები”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც.
მისი ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრაზე კანონპროექტის გარშემო არსებული ტექნიკური ხასიათის საკითხები განიხილეს.
მიქაუტაძის თქმით, საუბარი შეეხებოდა იმას, როგორ უნდა გაგრძელდეს სარეფორმო სამუშაო ჯგუფში მუშაობა და როგორ უნდა დაკომპლექტდეს ის.
„პარლამენტის თავმჯდომარის სურვილი არის, რომ იყოს მონაწილეების ოპტიმალური რაოდენობა. გამოითქვა სხვადახვა პოზიცია მონაწილე მხარეების შესახებ. ვფიქრობთ, სამუშაო ჯგუფში შევლენ პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე როგორც სასამართლო სისტემის მოსამართლეები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, იყო საუბარი იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფში აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძოდ, იუსტიციის სამინიტროს წარმომადგენლები შევლენ.
„საუბარი იყო ასევე სხვადასხვა მხარის ჩართულობაზე, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, მათ ორჯერ დატოვეს ეს სამუშაო ჯგუფი. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდა.