ლევან მურუსიძე - მე არ ვარ გირგვლიანის საქმის მთავარი დამნაშავე და ის ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელები გაუშვა ციხიდან
მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ მზად არის, იუსტიციის საბჭოს წინაშე გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, მოსამართლეს კონსტიტუციის თანახმად, არ შეიძლება, საქმეზე მოეთხოვოს ანგარიში, მაგრამ იგი მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
„საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრი აცხადებს, მე არ ვარ კეთილსინდისიერი. მაქვს სურვილი, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება თანახმა, კამერები შემოიტანოს ყველამ, გავიდეს ეს პირდაპირ ეთერში და დავამტკიცებ, რომ მურუსიძე არ ყოფილა გირგვლიანის საქმის მთავარი დამნაშავე და რეალურად ამ ყველაფერზე იწმენდნენ ხელს. რაზეც მე მედავებიან, ეს არის თითიდან გამოწოვილი და აბსურდული სამართლებრივი კუთხით. მზად ვარ, საქართველოში სისხლის სამართლის საქმის მცოდნე ადამიანები შეიკრიბონ, თუნდაც მოხდეს ლევან მურუსიძის ერთგვარი გასამართლება ამ საკითხზე და ერთხელ და სამუდამოდ მომეცეს საშუალება, რომ დავამტკიცო სიმართლე. ადამიანმა, რომელმაც მსჯავრდებულებს მივუსაჯე შვიდი წელი, არ ვარ ამ საქმეში თავარი დამნაშავე და არ არის ლევან მურუსიძე ის ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელები გაუშვა ციხიდან”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
კითხვაზე, რატომ მიიჩნევენ სააკაშვილის მოსამართლედ, ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილს მხოლოდ ორჯერ შეხვდა, როდესაც ფიცი დადო სხვა მოსამართლეებთან ერთად.
„არ ვიცნობდი სააკაშვილს, უფრო მეტიც არასოდეს არ ვიცნობდი და არ შევხვედრივარ ზურაბ ადეიშვილს. არასოდეს არ შევხვედრივარ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ვერავინ დაასახელებს, რომ მათთან ლევან მურუსიძეს რაიმე უშუალო ურთიერთობა ჰქონდა”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.