ლევან მურუსიძე - ერთი პერიოდი ვფიქრობდი, საერთოდ ხომ არ წავიდე სასამართლო სისტემიდან-მეთქი, არ მოისვენეს, დღეს არ აქვთ საშუალება, თორემ ცეცხლზე დაგვწვავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები
არ მოისვენეს, არასამთავრობო სპექტრი იქნებოდა, სხვადასხვა პოლიტიკოსი, თუ ექსპერტები, ყველა პრობლემას, რაც კი იყო სასამართლოში, ქვეყანაში, მე მაბრალებდნენ, ვიყავი რიგითი მოსამართლე და არ მქონდა საშუალება, პასუხი გამეცა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, თუ ვინმეს რამე პრეტენზია ექნება, თავად გავცემ პასუხს, – ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურისიძემ მოსამართლეთა კონფერენციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც განმარტა, რატომ დააყენა უსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურა.
ამასთან, მურუსიძის თქმით, იბრძოლებს, რათა სასამართლო იყოს უფრო დამოუკიდებელი. ლევან მურუსიძე ამბობს, რომ სასამართლო სისტემას კარგად იცნობს და იცის სასამართლოს პრობლემები.
„საბჭოს მდივნის თანამდებობიდან როდესაც წავედი, რადენიმე წელი ვიყავი ჩუმად, წყნარად, ვიხილავდი საქმეებს, 100 პროცენტი საქმეები მეწერებოდა. რატომღაც არ მოისვენეს, არასამთავრობო სპექტრი იქნებოდა, სხვადასხვა პოლიტიკოსი, თუ ექსპერტები და ხშირად ისე ატრიალებდნენ ჩემს სახელს, ჩემი სახელი ისეთი არაფერი, მაგრამ ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას. გვარი მურუსიძე რატომღაც უარყოფით კონტექსტში გამოიტანეს და პიროვნულად კი არა, გვარს აყენებდნენ შეურაცხყოფას წლების განმავლობაში, ყველა პრობლემას, რაც კი იყო სასამართლოში, ქვეყანაში, მე მაბრალებდნენ. ამიტომ, რადგანაც ვიყავი რიგითი მოსამართლე და არ მქონდა საშუალება, პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, თუ ვინმეს რამე პრეტეზია ექნება, მე თვითონ გავცემ პასუხს. ვიბრძოლებ, რათა სასამართლო იყოს უფრო დამოუკიდებელი. ფაქტობრივად, ამ სისტემაში ვარ გაზრდილი და ვიცი ყველა მოსამართლის, სასამართლოს პრობლემები. ჩემი სახელით სპეკულირებას რომ ყველამ დაანებოს თავი, თუ ვინმეს რამე პრეტენზია ექნება, მე გავცემ პასუხს.
სასამართლო სისტემაში ჩვენ როდესაც ვიხილავთ საქმეს, ორივე მხარეს ვუსმენთ. ვინც ჩამოდის, უცხოელი იქნება, თუ შინაური, როდესაც საუბრობს კლანზე და ასახელებს ჩემს სახელს და გვარს, არავინ მოსულა ჩემთან და არ უკითხავს, ბატონო ლევან, როცა არასამთავრობო სექტორი თქვენზე იძახის, რომ ხართ კლანი და შესაბამისად, პრეტენზიებს გიყენებთ, ამ პრეტენზიებზე რა შეგიძლიათ, თქვათ. საბჭოს იგნორი ხდება, სადმე გინახავთ სასამართლოში რამე კარგი ღონისძიება რომ ხდება, ტელევიზია მისულიყოს და გადაეღოს? ეს ყველაფერი მიზანმიმართულია. როდესაც მიდის სულ ლანძღვა-გინება საბჭოსი, წლების განმავლობაში, ამან გადამაწყვეტინა. ვიყავი გაჩერებული, ხმას არ ვიღებდი. მურუსიძე, მურუსიძე, ჯანდაბას მურუსიძე, პიროვნულად კიდევ ბევრ რამეს მოიგონებენ ჩემზე, ბევრ რამეს დამაბრალებენ. ეს არ არის ჩემი პრობლემა, ეს რომ არ ყოფილიყო სასამართლოსთან დაკავიშირებული, ვიქნებოდი ჩემთვის წყნარად. ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან-მეთქი, არ მოისვენეს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მურუსიძის განმარტებით, არასამთვრობო ორგანიზაციები მოსამართლეებს აბულინგებენ და ამას აკეთებენ ადამიანის უფლებების სახელით.
„უფლებადამცველები მოსამართლეებს აბულინგებენ და ამას აკეთებენ ადამიანის უფლების სახელით. იცით, ხანდახან რა მახსენდება? შუა საუკუნეებში ხომ ხდებოდა, რომ ვთქვათ ცეცხლზე წვავდნენ, ერეტიკოსებს ეძახდნენ და ეს ხდებოდა ქრისტეს სახელით. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ამას აკეთებდა, ქრისტე არ სწამდა. დღეს იცით, რა ხდება? უბრალოდ არ აქვთ ამის საშუალება და 21-ე საუკუნეა, თორემ ცეცხლზე დაგვწვავდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, პირდაპირ გეუბნებით. უბრალოდ, ამას აკეთებენ ადამიანის უფლებების და დემოკრატიის სახელით, თუმცა ჩემი ღრმა რწმენით, არც ადამიანის უფლებები არ ანაღვლებთ მათ და არც დემოკრატია, რადგან ვიცი მაგალითები, რაღაც უთქვამს ადამიანს, თუნდაც მცდარი და ისეთი აგრესია მოჰყოლია, რომ გაკვირვებული ხარ. შეიძლება, ადამიანი ცდება, მაგრამ თავის აზრს გამოხატავს“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
მოსამართლეთა დღევანდელ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ. მოსამართლეებმა კანდიდატად დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელეს, ხოლო საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა ლევან მურუსიძემ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს. კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრს თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით ამწესებს.