ლევან მურუსიძე - დახურულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ, საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს
დახურული შეხვედრა იყო და დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, მინდა, ხაზგასმით გითხრათ – იმ სიბინძურეს, რაც მიმდინარეობს მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, არ ვაპირებ, ავყვე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მურუსიძის თქმით, დახურულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს ყველანაირი ინფორმაციას მიაწოდა.
„როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირი გამოსცემს აქტს, ჩვენ – მოსამართლეები, პოლიტიკურად ხომ ვერ ვისაუბრებთ. აქედან გამომდინარე, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი ქვეყნის პირველი პირი, ვთხოვეთ მას, მობრძანებულიყო და გავანდეთ ჩვენი წუხილი. მიმაჩნია, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება მტკიცებულებებს და, ზოგადად, იმ ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ველოდები კიდევ ბევრ სიბინძურეს, ფეიკნიუსებს, დაბრალებებს – სხვათა შორის, უნიჭოდ ექნება ადგილი – ამას ველოდები და, შესაბამისად, როგორც კი ჩავთვლი საჭიროდ, ამას საზოგადოება შეიტყობს. ყველა ინფორმაცია დახურულ შეხვედრაზე გაჟღერდა“, – განაცხადა მურუსიძემ.