ლევან მურუსიძე - აშშ-ს საელჩოს აქვს გამალებული მცდელობა, მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება, ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი
აშშ-ს საელჩოს აქვს გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. მნიშვნელოვანი არ არის, ლევან მურუსიძეს სანქცია ექნება თუ არ ექნება, მნიშვნელოვანია, საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და აშშ-ის საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა, ეს, სხვათა შორის, მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება, სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, აშშ-ს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ.
„როგორც ქალბატონი კელი დეგნანი იძახდა, რომ ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი მრავალ გადაწყვეტილებაზე, მოსამართლეებს ეუბნებიან შემდეგს, ან მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენთვის არის მისაღები, ან ისე მოგექცევით, როგორც ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ლევან მურუსიძეს. ეს არის ზეწოლა. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ, რეალურად, კორუფციის ბრალდებით, რომელზეც არავითარი ბრალდება არ არსებობს და ვერავინ დაამტკიცებს, რომ კორუფციას აქვს მოცემულ მომენტში ადგილი, აქედან გამომდინარე, რჩება ის, რომ ხდება მართლმსაჯულების მიტაცება. ქალბატონმა ელჩმა ბრძანა, მართლმსაჯულება არ არის ღამით განხორციელებული ზარები და ქრთამის მიცემაო. მოსამართლე გამოვიდა ფაქტობრივად, ადრე მეფისნაცვალი იყო ჩვენთან, იყო პერიოდი. თუ ელჩმა იცის, რომ ღამის ზარებს ახორციელებს ლევან მურუსიძე, ე.ი. მისმენენ ტელეფონზე. ამიტომ, ვთხოვ ქალბატონ ელჩს, თუ ტელეფონზე მისმენენ და მას აქვს ინფორმაცია, რომ ღამის ზარებს ვახორციელებ, გამოაქვეყნოს, რა ზარებს ვახორციელებ, დღე იქნება თუ ღამე.
მთავარი ის კი არ არის, სანქციას აშშ დამიწესებს თუ ევროკავშირი, ეს არის ჩემი პირადი პრობლემა. მე ამას თავს გავართმევ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ გითხარით, აქ კორუფციაზე არ არის საუბარი. ვერავითარი მტკიცებულება ვერ იქნება წარმოდგენილი, რომ კორუფციას აქვს ადგილი. აშშ-ს საელჩოს აქვს გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი, ლევან მურუსიძეს სანქცია ექნება თუ არ ექნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და აშშ-ის საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა, ეს, სხვათა შორის, მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.