ლევან მურუსიძე - აშშ ამბობდა, რომ მართლმსაჯულებას ეხმარება, აფინანსებდა ორგანიზაციებს, რომლებიც სასამართლოს დისკრედიტაციას ახდენდნენ, ვეუბნებოდი, ფული, რასაც ხარჯავთ, სასამართლოს ზიანს აყენებს
ლევან მურუსიძე - აშშ ამბობდა, რომ მართლმსაჯულებას ეხმარება, აფინანსებდა ორგანიზაციებს, რომლებიც სასამართლოს დისკრედიტაციას ახდენდნენ, ვეუბნებოდი, ფული, რასაც ხარჯავთ, სასამართლოს ზიანს აყენებს

მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მოქმედი მოსამართლე, როდესაც მეუბნებიან, რომ ვარ კორპუმპირებული, მინდა, დავარწმუნო ამერიკის ელჩი, რომ ძალიან გაუცრუვდებათ იმედი, თუ ეყრდნობოდნენ იმ ღია წყაროებს, რასაც ისინი ეძახიან გარე ინფორმაციებს, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მურუსიძის თქმით, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია სანდო კი არ არის, რასაც აკეთებენ, ეს არის უზნეობა.

„მე თუ სწორად ვფიქრობ, რაზეც არის საუბარი, იმდენად უსუსურია, გაბათილდება და დაინგრევა ყველაფერი. ისედაც ცხადია, რომ აქ კორუფციაზე არ არის საუბარი, საუბარია სასამართლო ხელისუფლების ბერკეტების ხელში ჩაგდებაზე. რადგან ეს უკვე მართლმსაჯულებას ეხება და არ მეხება პირადად მარტო მე, აქედან გამომდინარე ვითხოვეთ ჩვენ პრემიერთან შეხვედრა. უსაფრთხოების და სუვერენიტეტის თემაა. წლების განმავლობაში ამერიკის საელჩო ამბობდა, რომ ვეხმარებით ქართულ მართლმსაჯულებას. თუ ვთქვათ, პირობითად, ერთ ლარს ხარჯავდნენ მოსამართლეების ტრენინგში, ჩამოჰყავდათ ისინი აშშ-დან, გულწრფელად გეტყვით, რომ ეს არ არის შედეგის მომტანი. ანუ აფინანსებდნენ იმ ორგანიზაციებს, ვინც ახდენდა სასამართლოს დისკრედიტაციას. ამიტომ ვეუბნებოდი ამერიკის საელჩოს და მის წარმომადგენლებს, რომ გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, რომ ის ფული, რასაც ხარჯავთ, ეს სასამართლოს ძალიან დიდ ზიანს აყენებს.

ელჩები შეიძლება, იცვლებოდნენ, მაგრამ, რეალურად, ადამიანებს, იმ ქართულ პერსონალს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთსა და იმავე სახეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩაბუდებული არიან, აქვთ სიძულვილი ჩვენი კონკრეტული მოსამართლეებისა და სასამართლოს მიმართ. შესაბამისად, ატარებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს.  საბოლოო ჯამში, ხედავთ, სადამდე მივედით. გამოვიდა ქალბატონი ელჩი და სანქციები დაგვიწესა კორუფციის ბრალდებით. თან რას ამბობს? გამოიძიეთო. ჯერ გამოეძიებინათ, დაემტკიცებინათ, რომ ჩვენ კორუმპირებული ვართ. მოქმედი მოსამართლე ვარ, როგორ შეიძლება კორუფციის ბრალდება. აპრიორი იმას კი არ ნიშნავს, რომ რადგანაც ამერიკის ელჩი ამბობს, კორუმპირებულები არიანო, სწორია. რამდენჯერ ყოფილა ისტორიის განმავლობაში, რომ რაღაც ერთს ამბობდნენ და აღმოჩნდა მეორე. მე ახლა კორუმპირებულის სტატუსს მარტყამ და მოსამართლეებს მესიჯს უგზავნი, ხედავთ, რა გავუკეთეთ მურუსიძეს. ეგონათ, თავს ჩავხრიდი, საზოგადოება იტყოდა, ეს კორუმპირებული, გამრიყავდნენ, გადამივლიდნენ, მივიდოდნენ იქ და სასამართლო დახვდებოდათ გამზადებული, ხედავთ, რა გავუკეთეთ? ჩვენი ჭკუით თუ არ მოიქცევით, თქვენც ასეთი ბედი მოგელითო. შევეგუე, საერთოდ არ ვღელავ, ვარ თუ არა სანქცირებული. ვიზის შეზღუდვაზე თუ იყო, საელჩოს როცა მივმართავდი, მაშინ ეთქვათ უარი. რა საჭირო იყო, რომ ჩემთვის კორუფცია დაებრალებინათ.

რადგანაც მათ ვერ შეასრულეს თავიანთი მისია და ვერ შეძლეს, სასამართლო სისტემაში შეექმნათ პრობლემები, მივედით იქამდე, რომ სანქციები დაგვიწესეს. ფიქრობდნენ, რადგან ამათ კორუმპირებულის სტატუსს მივარტყამთ, გვერდით არავინ დადგება, ყველა დაიზაფრება, ესენი გაირიყებიან და გაგვეხსნება გზა. სასამართლოს, როგორც მზა პროდუქტს გადაიბარებდნენ და მიიტაცებდნენ.

ახლა ელჩი იცვლება და იმედს გამოვთქვამ, რაღაცები შეიცვლება, გადავალთ კონსტრუქციულ ურთიერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ არის დიდი, დემოკრატიული, ძალიან ძლიერი, ნომერ პირველი სახელმწიფო, საქართველო პატარაა, ჩვენ ჩვენი სიამაყე, ისტორია გვაქვს და რადგან ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ვიმედოვნებ, ახალი ელჩის პირობებში შევძლებთ, ეს ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და ვითანამშრომლოთ სასამართლოს საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.