ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსების გაზიარების, აქტუალურ საკითხებზე საჯარო ღონისძიებების გამართვისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით.
„აღნიშნული ღონისძიების 7 ნოემბერს გამართვით, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს ცნობილ ქართველ დიპლომატს, ლევან მიქელაძეს და მის გამორჩეულ მოღვაწეობას ქართული სახელმწიფოს სამსახურში. ლევან მიქელაძემ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს საჯაროდ დაგმო ძალადობა და პროტესტის ნიშნად დატოვა შვეიცარიის კონფედერაციაში ელჩისა და ჟენევაში განლაგებულ გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი და სამინისტროს ხელმძღვანელობა, კვლევითი ინსტიტუტისა და ფონდის წარმომადგენლები, გამოჩენილი ქართველი დიპლომატის ოჯახის წევრები.
ხელმოწერის ცერემონიის პარალელურად, გაიმართება ლევან მიქელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლე ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა 2012 წელს, 2014 წლის 24 აპრილს მას მიენიჭა გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, ლევან მიქელაძის სახელი. 2018 წლის მარტში კი, კვლევითი კომპონენტის დამატების საფუძველზე, ცენტრი გარდაიქმნა სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტად. ინსტიტუტის მიზანია დიპლომატიური სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საჯარო მოხელეების პროფესიული განათლებით უზრუნველყოფითა და ანალიტიკურ-ინფორმაციული ცოდნის გაზიარების გზით საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი 2010 წელს დაფუძნდა. იგი საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას წარმოადგენს.