ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოჰყვეს სახალხო დიპლომატია.
„მე დღეს მოვედი ჩემს შვილებთან და შვილიშვილთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან მალე ნახავენ სოხუმს, ნახავენ აფხაზეთს და ისეთივე ღირსებით და სულისკვეთებით გააგრძელებენ მოღვაწეობას, როგორი ღირსებითაც არის ამ მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრული მათი დიდი ბაბუის, ბიძინა მგალობლიშვილის სახელი. ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოყვეს სახალხო დიპლომატია, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი ტრადიციების, ერთი ადათ-წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ქართველმა და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება. „ქართული ოცნება“ კი ყველაფერს გააკეთებს, რათა ერთი სახელი და გვარიც კი არ მიემატოს ამ კედელზე“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირების – ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.