ლევან მგალობლიშვილი - აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტი პოლიკლინიკის რეორგანიზაცია იგეგმება
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტი პოლიკლინიკის რეორგანიზაცია იგეგმება, – ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა რუხში, პრემიერ-მინისტრთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს დათვალიერებისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვის გამო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა წინადადებით, რომ ჩაატარონ მათ დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტივე პოლიკლინიკის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია, რათა კიდევ უფრო მოძლიერდეს ეს სფერო და პოლიკლინიკებმა მეტი ბენეფიციარის მომსახურება შეძლონ. რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის. ახალი ტექნიკური აღჭურვილობა მათთან ბმის და კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთ-ერთი მძლავრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ემსახურება არა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც.
ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.