ლევან მაყაშვილი - მსურს, გავხდე პირველი ქართველი, რომელიც ACA ლიგის ქამარს მოიპოვებს (ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან)
ქართველი მებრძოლები შერეული ორთაბრძოლების სხვადასხვა ორგანიზაციებში წარმატებით გამოსვლას განაგრძობენ. ლევან მაყაშვილი, რომელიც ACA ლიგაში ასპარეზობს, რამდენიმე დღის წინ, ჩეხ რომან დიკს დაუპირისპირდა და ეფექტური ნოკაუტით გაიმარჯვა.
მეორე რაუნდის მიწურულს ლევანმა მეტოქეს ჯერ მარჯვენა, შემდგომ კი მარცხენა ხელით უძლიერესი დარტყმები მიაყენა, შედეგად მთავარმა მსაჯმა ბრძოლა ნაადრევად შეწყვიტა და გამოცდილი ქართველი მებრძოლის გამარჯვება დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ მაყაშვილი პირველი ქართველი მებრძოლია, ვინც აბსოლუტურ საბძოლო ჩემპიონატში ასპარეზობდა. მას კარიერაში სულ 21 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან 17 დაპირისპირება ლევანის გამარჯვებით დასრულდა.
ამჟამად, მაყაშვილი პოლონეთში იმყოფება და თბილისში დღეს დაბრუნდება. ჩვენ ქართველ მებრძოლს დავუკავშირდით და სამომავლო გეგმებზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.
ძალიან ეფექტური გამარჯვება მოიპოვე, როგორ შეაფასებდი ბრძოლას და მეტოქეს?
მეტოქე საკმაოდ ძლიერი და მოტივირებული იყო. ის ჩემთან ბრძოლისთვის ძალიან კარგად მოემზადა, თუმცა ჩემთვის ეს არაფერს ცვლიდა. მე ყოველი ბრძოლისთვის სრული მობილიზებით ვემზადები და გამონაკლისი არც დიკთან დაპირისპირება იყო. თანაც ბოლო მარცხმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და შეცდომის დაშვების უფლება აღარ მქონდა. ოქტაგონზე დიდი მოტივაციით გავედი და როგორც ხედავთ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მოხარული ვარ, რომ ეფექტური ნოკაუტით მოვიგე.
მომდევნო ბრძოლის გამართვა, როდის გსურს?
ჯერჯერობით, კონკრეტული სიახლე მომდევნო ბრძოლასთან დაკავშირებით არ არის. ახლა პოლონეთში ვიმყოფები და ვბრუნდები თბილისში, ვარჯიშს განვაახლებ და ვფიქრობ, რომ ორ თვეში მზად ვიქნები ოქტაგონზე გასასვლელად.
შენ იყავი პირველი ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ში ასპარეზობდა. ახლა ACA ლიგაში გამოდიხარ. რა არის შენი მთავარი მიზანი? UFC-ში დაბრუნება ხომ არ გსურს?
პირველი სიახლე არის ის, რომ მე წონითი კატეგორია შევიცვალე. ადრე 66 კგ-ში ვასპარეზობდი, ახლა კი 70 კგ-ში ვიბრძვი. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ACA-ში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს საკმაოდ სერიოზული და პრესტიჟული ორგანიზაციაა. არც მებრძოლები ჩამოუვარდებიან დონით სხვა ორგანიზაციების მებრძოლებს. ჰონორარიც ხშირ შემთხვევაში UFC-ზე არანაკლებია, თუ მეტი არა. აქედან გამომდინარე ამჟამად კონცენტრირებული ვარ ACA-ზე და მსურს გავხდე პირველი ქართველი ვინც ამ ორგანიზაციაში ჩემპიონის ქამარს მოიპოვებს.
ამჟამად, სად ვარჯიშობ და ბრძოლებისთვის სად ემზადები ხოლმე?
ამჟამად თბილისში ვვარჯიშობ. სხვადასხვა დარბაზებში გავდივარ საწვრთნელ პროცესებს. ყველანი ერთმანეთს ვეხმარებით, რომ უკეთეს მებრძოლებად ვიქცეთ. გორშიც მაქვს ხოლმე ვარჯიშები. მოგეხსენებათ, რომ ჩემი საბაზისო სახეობა ჭიდაობაა და გორში ჭიდაობის ძალიან მაღალი დონის სკოლებია. თბილისში დღეს დავბრუნდები პოლონეთიდან და უახლოეს პერიოდში განვაახლებ ვარჯიშს.