ლევან მამალაძე - აგვისტოს ომში მიხეილ სააკაშვილის კომერციული ინტერესები იკვეთება
საზოგადოებრივი პლატფორმის „დაიცავი მშვიდობა“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომში მიხეილ სააკაშვილის კომერციული ინტერესები იკვეთება.
მამალაძის თქმით, მისმა პლატფორმამ მიმართა საქართველოს პროკურატურას აღნიშნული საკითხის გამოძიების მოთხოვნით და მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში მითითებული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემცველი ფაქტების შესახებ, მათ უწყებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
„ჩვენთან თავს იყრის უამრავი ინფორმაცია, არიან თვითმხილველები, მოწმეები იმისა, თუ რა ტიპის დანაშაული მოხდა. შესწავლილი უნდა იყოს, რა გარიგებაში შევიდა მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან, რა ურთიერთობები ჰქონდათ დამყარებული სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს რუსეთის ხელისუფლებასთან და რატომ მივიღეთ ის შედეგი, რომ საქართველო დამარცხდა, დავკარგეთ ტერიტორიები, რომელ ტერიტორიებზეც საომარი მოქმედებები საერთოდ არ მიმდინარეობდა. დროთა განმავლობაში ვრწმუნდები, რომ ეს იყო სააკაშვილის კომერციული პროექტი“, – განაცხადა მამალაძემ.