ლევან მაჭავარიანი - საქართველოს როგორც სჭირდება ევროპა და აშშ, არანაკლებ სჭირდებათ მათ საქართველო ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, თუ რამე გაუგებრობებია, ეს დროებითია და მალე აღმოიფხვრება
საქართველოს როგორც სჭირდება ევროპა და ამერიკა, არანაკლებ სჭირდება ევროპას და ამერიკას საქართველო ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, თუ რამე გაუგებრობებია, ეს არის დროებითი, რომელიც ძალიან მალე აღმოიფხვრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილისადმი ჯო ბაიდენის წერილთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„ის, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პრეტენზია მოდის, ჩვენ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ ვერც ქვეყნის შიგნიდან და ვერც ქვეყნის გარედან, რატომ არის ეს კანონი ცუდი. ქვეყნის შიგნიდან გვესმის მოწოდებები ენჯეოსექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მათივე ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების მიმართ, რომ არ შეხვიდეთ შინაარსში, წავაგებთ, ეს არის „ქართული ოცნების“ მოედანი, ჩვენ უნდა ვიძახოთ, რომ ეს კანონი რუსულიაო. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან გვესმის ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც მე არგუმენტს ვერ დავარქმევ – ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. თუმცა როდესაც კითხვას ვსვამთ, რა მუხლში არ შეესაბამება ან რომელ ნაწილში არ შეესაბამება, პასუხს ვერავინ გვცემს. შეგახსენებთ პრემიერ-მინისტრის მოწოდებას და შეთავაზებას პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხში არის ინტერესი ამ თემის მიმართ, გავმართოთ საჯარო დისკუსია, სადაც თქვენ წარმოადგენთ არგუმენტებსო. ასეთი ტიპის შეხვედრაც ვერ მოხდა“.
ამასთან, როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება არის გარდაუვალი და ეს ყველაფერი ძველ ნიშნულზე აუცილებლად დადგება.
„ახლო მეგობრებშიც, ოჯახებშიც ხდება ხოლმე გარკვეული დროით გაუგებრობა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ 2023 წელი, როდესაც ანალოგიური კრიტიკული განცხადებები გვესმოდა და ის წელი დავაგვირგვინეთ კანდიდატის სტატუსით. ახლაც ზუსტად იმავენაირად განვითარდება მოვლენები. აუცილებლად ყველა სახის გაუგებრობა დასრულდება და, შესაბამისად, კიდევ წინ გადავდგამთ ნაბიჯს ევროკავშირთან დასაახლოებლად. ჩვენი მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება არის გარდაუვალი და ეს ყველაფერი ძველ ნიშნულზე აუცილებლად დადგება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.