ლევან მაჭავარიანი - რიტორიკის ცვლილებას პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, მაგალითად, საუბრის დაწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე
ლევან მაჭავარიანი - რიტორიკის ცვლილებას პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, მაგალითად, საუბრის დაწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე

რიტორიკის ცვლილებას პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, მაგალითად, საუბრის დაწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „რუსეთი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული“.

„შერიგებაზე როცა ვსაუბრობთ, ოს და აფხაზ ძმებთან შერიგებაზე ვსაუბრობთ. ე.წ. ხელისუფლების აზრს ან განცხადებას, რომელსაც თავის ხალხში ნდობა არ აქვს, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს. ჰააგა და სტრასბურგი როცა მოვიგეთ და ჩვენს გმირ სამხედროებს ყველანაირი საფრთხე, რისკი მოვუხსენით, რომ ომის დანაშაულის ჩადენა ან ადამიანის უფლებების დარღვევა დაბრალებოდათ, შემდეგ უკვე კონკრეტული და ვაჟკაცური ნაბიჯები გადავდგით. პირველი გზავნილები ჩვენი მხრიდან წავიდა – ეს არის ურთიერთშერიგებაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთპატიებაზე დამყარებული ნაბიჯები. ჩვენს ამ ნაბიჯებს უკუპასუხები მოჰყვა. რა თქმა უნდა, ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. შესაბამისად, რუსეთის გარეშე ამ ტერიტორიების დაბრუნება ცოტა წარმოუდგენელია. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რიტორიკის ცვლილება პოზიტიური სიგნალია, თუმცა რეალურ ნაბიჯებში რომ გადაიზარდოს და მხოლოდ გაუმყარებელ სიტყვებად არ დარჩეს, უნდა ვიხილოთ შემდეგი ნაბიჯები, როგორიც არის, მაგალითად, საუბრის დაწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.