ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციას დღეს აქვს ბოლო გაფართხალება, რათა გარე პატრონებს დაუმტკიცონ, რომ რაღაც შეუძლიათ და დაფინანსებები არ შეუწყდეთ, თუმცა ყველაფერი მათთვის სამწუხარო შედეგით დასრულდება
ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციას დღეს აქვს ბოლო გაფართხალება, რათა გარე პატრონებს დაუმტკიცონ, რომ რაღაც შეუძლიათ და დაფინანსებები არ შეუწყდეთ, თუმცა ყველაფერი მათთვის სამწუხარო შედეგით დასრულდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან სიების ჩახსნასთან დაკავშირებით საუბარი სპეკულაცია და პოლიტიკური პოპულიზმია, რადგან ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე მოხდება 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება ოპოზიციას უფლება, ინდივიდუალურად წარმოადგინონ თავიანთი განცხადებები მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„გუშინ შემაჯამებელი ოქმები გამოქვეყნდა, საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა ცესკო-მ და არაუგვიანეს მეათე დღისა, შედგება პირველი სხდომა. ქალბატონი გიგაურის, ასე ვთქვათ, კანტორა ეწეოდა დეზინფორმაციულ კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი თუ არ ჩანიშნავს სხდომას, ვერ ჩაინიშნებაო. პრეზიდენტი უბრალოდ სიმბოლურ როლს ატარებს აქ. ანუ, ჩანიშნავს თუ არ ჩანიშნავს, მე-10 დღეს პარლამენტი მაინც შეიკრიბება, იქნება პირველი სხდომა. პირველ სხდომაზე ჩვენ უფლებამოსილებას მივანიჭებთ 150-ვე დეპუტატს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება ოპოზიციას უფლება, ინდივიდუალურად წარმოადგინონ თავიანთი განცხადებები, ვის სურს, რომ შეუწყდეს მანდატი, შემდგომ უკვე ამაზე დამატებით იმსჯელებს პარლამენტი. ამიტომ სპეკულაცია და პოლიტიკური პოპულიზმია საუბარი სიების ჩახსნასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ამავდროულად, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში, თუმცა, მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, 2020 წლის მსგავსად, საბოლოოდ მაინც იქნებიან საკანონმდებლო ორგანოში.

„ზოგადად, პარლამენტში დასხდებიან თუ არ დასხდებიან, ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა პროცედურა ჩვენ შეგვიძლია აღვასრულოთ მათ გარეშე. ჩვენი მოლოდინია, რომ, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ისინი მაინც შემოვლენ პარლამენტში, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს. მაშინ გაცდენილი დღეებისთვის რა ხელფასებიც იყო გაქვითული, ხვეწნა-მუდარის რეჟიმში იყვნენ, რომ ის ხელფასები ანაზღაურებოდათ. სავარაუდოდ, ახლაც იგივე მოხდება, თუმცა ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მათი არშემოსვლით ჩვენ არაფერი დაგვაკლდება და თუ შემოვლენ, ამით, სამწუხაროდ, არაფერი მოგვემატება. ჩვენ ვიხილეთ ბატონი გვარამიას მოწოდებები, დავიფიცოთო, დავიგინოთო, რომ არავინ შევალთო – ეს მეტყველებს, რომ ერთმანეთის ნდობა არ აქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორ დავალებასაც მიიღებენ თავიანთი უცხოელი უფროსებისგან, ამ დავალების შესაბამისად იმოქმედებენ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის დღევანდელ აქციას, ლევან მაჭავარიანის თქმით, „დღეს ბოლო გაფართხალება აქვთ, რათა გარე პატრონებს დაუმტკიცონ, რომ რაღაც შეუძლიათ“.

„დღეს იმართება ოპოზიციის მორიგი აქცია, სადაც აქვთ სრული მობილიზება გამოცხადებული, ანუ რეგიონებში, სოფლებში და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც კი ყველაზე ერთგული მომხრეები ჰყავთ, აბსოლუტურად ყველას ჩამოყვანას აპირებენ მთელი საქართველოდან. არ მგონია, შთამბეჭდავი ციფრი იყოს ადამიანების, რომლებიც დღეს შეიკრიბებიან. სრული მობილიზება აქვთ, კონკრეტული ინფორმაციაც გვაქვს, რომ ფულსაც უხდიან, საუბარია 20-25 ლარზე. ამას აკეთებენ იქედან გამომდინარე, რომ უცხოელმა უფროსობამ უკვე ძალიან სერიოზულად დაუქნია თითი, ყველაფერში მოგეხმარეთ, წინასაარჩევნო აგიტაცია ჩვენ ჩავატარეთ, პოსტსაარჩევნო მესიჯბოქსში ჩვენ გეხმარებოდით, დაფინანსება ჩვენგან გაქვთო და ამისდა მიუხედავად, რომ წააგეთ არჩევნები ძალიან დიდი ანგარიშით, იმის შნოც არ გაქვთ, ხალხი შეკრიბოთო. შესაბამისად, დღეს აქვთ ბოლო გაფართხალება იმასთან დაკავშირებით, რომ გარე პატრონებს დაუმტკიცონ, რაღაც შეუძლიათ და არ შეუწყდეთ დაფინანსებები, თუმცა აქაც ყველაფერი მათთვის სამწუხარო შედეგით დასრულდება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.