ლევან მაჭავარიანი - ოპოზიცია ჯერ კიდევ რაღაცების გათვლის პროცესშია, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან შესუსტებულია, ვაშაძის შეერთებამ მათ რეიტინგი ვერ გაუზარდა
ოპოზიცია ჯერ კიდევ რაღაცების გათვლის პროცესშია, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან შესუსტებულია, ვაშაძის შეერთებამ მათ რეიტინგი ვერ გაუზარდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში, შესაძლოა, არჩევნებამდე კიდევ იყოს გარკვეული სიახლეები.
„Ჯერ ოპოზიცია კიდევ რაღაცების გათვლის პროცესშია, უფრო სწორად, მათი უცხოელი უფროსები არიან. შეიძლება კიდევ ვიხილოთ სიახლეები. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან შესუსტებული და ბატონი ვაშაძის შეერთებამ მათ რეიტინგი ვერ გაუზარდა. ვხედავთ, როგორი კლებაა მათ რეიტინგში. ახლა „ახლებს“ რაც შეეხება, ჩვენ მათ ძველებს ვეძახით, რადგან იქ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ყოფილი პროკურორი ნიკა გვარამია, ასევე არის მელია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლდათ. ასევე, ელენე ხოშტარია, რომელიც თვითონ და მთელი ოჯახი რუსეთიდან ფინანსდება.
იქ არის ბატონი ჯაფარიძე, რომელიც არის რადიკალური და ამორალური პიროვნება. პირდაპირ ეთერში აქვს ნათქვამი, რომ მე ქვეყნის პატრიოტი არ ვარ, ჩემთვის ავტორიტეტი არც ქვეყნის პატრიარქია და არც ჩემი მშობლებიო. ბატონი ხაზარაძე და მასთან გაერთიანებული ბატონი ელისაშვილი, რა ძალაზეა საუბარი და ძალიან ცუდად დაემთხვა ბატონ ხაზარაძეს ის, რომ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა. ხაზარაძე უპირისპირდებოდა საქართველოს, მაგრამ ასევე უპირისპირდებოდა საქართველოს მოსახლეობას, მას რომ თეორიულად ეს პროცესი მოეგო, იგი ბიუჯეტიდან, ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან გაიტანდა მილიარდ-ნახევარ დოლარს. შესაბამისად, ეს ძალიან ცუდი რამ დაემთხვა და თუ ელექტორატის გაზრდის იმედი ჰქონდა, მე დარწმუნებული ვარ, რა ელექტორატიც ჰყავდა, ისიც შეუმცირდება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.