ლევან მაჭავარიანი - „ნაცმოძრაობამ“ ომამდე ორი წლით ადრე სამხრეთ ოსეთის დროებითი ერთეული შექმნა და დღეს ე.წ. ბორდერიზაცია სააკაშვილის მიერ დაწესებული „საზღვრებით“ მიმდინარეობს
ნაცმოძრაობამ ომამდე ორი წლით ადრე სამხრეთ ოსეთის დროებითი ერთეული შექმნა და დღეს ე.წ ბორდერიზაცია სააკაშვილის მიერ დაწესებული „საზღვრებით“ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობამ“ აგვისტოს ომის დაწყება ქართველ ჯარისკაცებს დააბრალა, რითიც პირდაპირ რუსული საქმე გააკეთა.
„12 წელია, გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს რუსეთში მიათრევს. გავიხსენოთ ამ ხნის განმავლობაში თუნდაც ერთი საქმე, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ან რითი გაზარდა რუსული გავლენები საქართველოში. ეს რიტორიკა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2011 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა პირველი წერილი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რა გააკეთა „ნაცმოძრაობამ“ – ომამდე ორი წლით ადრე სამხრეთ ოსეთის დროებითი ერთეული შექმნეს, რომელშიც ახალგორი მოაყოლეს, რომელიც ყოველთვის მცხეთა-მთიანეთს ეკუთვნოდა და დღეს ბორდერიზაცია რომ მიმდინარეობს, სააკაშვილის მიერ დაწესებული „საზღვრებით“ მიმდინარეობს. კოდორს ზემო აფხაზეთი დაარქვეს, რომ მარტივად მიეერთებინათ. რა შუაშია კოდორი და ზემო აფხაზეთი? რუსეთთან ომში პირისპირ აღმოგვაჩინეს. სანამ ომში აღმოგვაჩენდნენ, მანამდე კანონიდან სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღეს, რადგან იცოდნენ, რომ რუსულ საქმეს აკეთებდნენ და სამშობლოს ღალატობდნენ.
ამის შემდეგ რეზოლუციას ხელი მოაწერეს, სადაც ქართველ ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალეს და პირდაპირ რუსული საქმე გააკეთეს; დაეთანხმნენ ტალიავიანის დასკვნას, შემდეგ კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთს გადამწყვეტი ხმა მისცეს. ეს რატომ ჩამოვთვალე? ის ხალხი, ვინც რუსულ საქმეს აკეთებდა, ამას ჩვენ გვაბრალებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.