ლევან მაჭავარიანი - ლომჯარიაც, ბუღაძეც და ამაღლობელიც მიკერძოებული არიან, რადიკალურ ოპოზიციას ლობირებენ, წარმოუდგენელია ობიექტურობის დაცვა, როცა ადამიანი ასეთი მიკერძოებულია
ლომჯარიაც, ბუღაძეც და ამაღლობელიც მიკერძოებული პიროვნებები არიან და კონკრეტულად რადიკალურ ოპოზიციას ლობირებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, წარმოუდგენელია ობიექტურობის დაცვა, როცა ადამიანი მიკერძოებულია.
„დამკვირვებლის მთავარი ფუნქცია უნდა იყო ის, რომ ობიექტურად დააკვირდეს საარჩევნო პროცესებს. ადამიანი როცა ასეთი მიკერძოებულია, იქ რაიმე ტიპის ობიექტურობის დაცვა წარმოუდგენელია. სამწუხარო ის არის, რომ არა მათი „სადამკვირვებლო მისიები“, არამედ ბოლო თვეების განმავლობაში ვიხილეთ არაერთი ფაქტი, საქართველოში მომუშავე გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც უცხოეთიდან არიან ჩამოსული, როგორ არიან ჩაბმული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში.
მაგალითად, NDI-ს შემთხვევაში, რეგიონებში პირდაპირ დაჰყვებოდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და პირდაპირ ეხმარებოდა აგიტაცია-პროპაგანდაში. „დემოკრატიის ფესტივალიც“ ვიხილეთ, სადაც დანიის სახელმწიფოს ფულით მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, თითქოს რაღაც ფესტივალი იყო, არიგებდნენ ბროშურებს, ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას. ბოლოს ვეღარ მოითმინეს და სააკაშვილის ფოტოებიც იყო გამოკრული. ასეთი ტიპის პროცესები არაჯანსაღია. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს არის ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა და საზოგადოებას შეიძლება საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდეს, როგორ შეიძლება ასეთი დამკვირვებლები იყვნენ ობიექტურები? ერთ-ერთი დამკვირვებელი უნდა იყოს ISFED-ი, რომელიც პარალელური ხმების დათვლით უნდა იყოს დაკავებული. ეს ის ISFED-ია, რომელმაც 2020 წელს პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააყალბა და შემდეგ ამ ყველაფრის აღიარება მოუწიათ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ დააფუძნეს. სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაციაზე ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთავაზობენ, ჩაერთონ დაკვირვების პროცესში.