ლევან მაჭავარიანი - დელეგაციის წევრები უხეშად ჩაერივნენ შიდა საქმეებში, ერთ-ერთმა პარლამენტარმა პოლონეთიდან „ფრი მიშას“ ძახილი დაიწყო, ლუსტრირება მოხდა, რომ „ნაცური“ აქცია იმართებოდა
მოსახლეობას თავადაც შეუძლია, შეაფასოს განცხადებები, რაც თბილისში ჩამოსული დელეგაციის წევრების მხრიდან აქციაზე კეთდებოდა. ერთ-ერთმა პარლამენტარმა პოლონეთიდან ვეღარ მოითმინა და „ფრი მიშას“ ძახილი დაიწყო, რითიც ლუსტრირება მოხდა, რომ „ნაცური“ აქცია იმართებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, დელეგაციის წევრები უხეშად ჩაერივნენ ქვეყნის შიდა საქმეებში, არ სცემენ პატივს საქართველოს კონსტიტუციას.
„ამ დელეგაციის წევრების დიდი ნაწილი ის პოლიტიკური ფიგურები არიან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად არღვევდნენ, როცა ჩვენს შიდა საქმეებში ერეოდნენ, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში. სამწუხაროდ, გუშინაც ანალოგიური ვიხილეთ, როცა ოპოზიციის აქციას შეუერთდნენ. მოსახლეობას თავადაც შეუძლია, შეაფასოს განცხადებები, რაც მათი მხრიდან აქციაზე კეთდებოდა. ერთ-ერთმა პარლამენტარმა პოლონეთიდან ვეღარ მოითმინა და „ფრი მიშას“ ძახილი დაიწყო, რითიც იმის ლუსტრირება მოხდა, რომ „ნაცური“ აქცია იმართებოდა. ერთ-ერთმა აქციის მონაწილეებს უკრაინის მაიდნის სცენარის გათამაშებისკენ მოუწოდა. აღარაფერს ვიტყვი მიხეილ როთის განცხადებებზე, რომელიც საქართველოს და ჩვენი ქვეყნის იდენტობის შეურაცხყოფით არის დაკავებული. როგორც როთმა განაცხადა, პოლიტიკას ტოვებს. ამ განცხადებით ნამდვილად არ დაგვწყვიტა გული. თბილისში ჩამოსულია დელეგაცია, რომლის წევრები უხეშად ჩაერივნენ ჩვენს შიდა საქმეებში, არ სცემენ პატივს ჩვენს კონსტიტუციას და გაერო-ს წესდებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ, მათ შორის არიან ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი. მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან; ასევე შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა გუშინ, 12 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა.