ლევან მაჭავარიანი - ცესკო თავის სიმართლეში დარწმუნებულია, შესაბამისად, ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა
ცესკო-ს მხრიდან პროკურატურისთვის მიმართვა მისასალმებელი ნაბიჯია, რადგან ისინი თავიანთ სიმართლეში დარწმუნებულები არიან, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ სერიოზულად მოემზადნენ ამ არჩევნებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ცესკო-ს დასამალი არაფერი აქვს.
„ამერიკის ელჩის ინტერვიუც არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, ქალბატონმა ელჩმა ცესკო-ს დიდი მადლობა გადაუხდა და აღნიშნა, რაოდენ პროფესიონალურად მუშაობენ და როგორი პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული ცესკო. შესაბამისად, ცესკო-ს დასამალი არაფერი აქვს. ცესკო ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ამ გამოძიებით კიდევ მორიგი სიცრუის მხილება მოხდება. ოპოზიციის დღის წესრიგი აგებული იყო იმაზე, რომ არჩევნების საღამოდან აჟიოტაჟი შემოეტანათ, ის გაიდლაინი, რაც მათ „მაკკეინის ინსტიტუტმა“ გადასცა. „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად რომ მოიგო, თქვენ საპროტესტო მუხტი უნდა აწიოთო და შემდეგ ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიყვანოთო. მათ სცადეს საპროტესტო მუხტის აწევა და 10 ათასი თავიანთი მომხრეც ვერ შეკრიბეს. საუბრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 300 ათასი ხმა გააყალბაო, ექვსი თუ შვიდი ათასი ადამიანის მობილიზება შეძლეს მეორე დღეს აქციაზე. შესაბამისად, უკვე ხელი ეშლებათ იმ გეგმის განხორციელებაში, რაც „მაკკეინის ინსტიტუტმა“ გადასცა. ამისთვის ხალხის დიდი რაოდენობა იყო მოსაბილიზებელი, რაც არ გამოსდით. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება ქვეყანაში არეულობის შემოსატანად, კანონის უმკაცრესი ფორმით დაისჯება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცესკო-მ პროკურატურას მიმართა, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკოსებისა და პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.