ლევან მაჭავარიანი - ბაჩიაშვილის განცხადება აბსურდია, ის არის ხავსს მოჭიდებული, ცდილობს, ოპოზიციასთან დაახლოებით თავი დაიძვრინოს
ლევან მაჭავარიანი - ბაჩიაშვილის განცხადება აბსურდია, ის არის ხავსს მოჭიდებული, ცდილობს, ოპოზიციასთან დაახლოებით თავი დაიძვრინოს

გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობს, რომ ოპოზიციასთან დაახლოებით თავი გამოიძვრინოს, მაგრამ ვერც ის ვერ გამოიძვრენს თავს და ოპოზიციაც დიდი ანგარიშით დამარცხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადება არის აბსურდი და რეალობას არ შეესაბამება.

„ბაჩიაშვილის არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ახლა სხვა გზა ვერ იპოვა, მოდი, ოპოზიციას შევუერთდები, იქნებ რაღაცით გადამარჩინონო, რადგან იცის, რაშიც არის დამნაშავე. მან რაც განაცხადა, აბსურდია, რეალობას არ შეესაბამება. მასთან მაქვს კითხვა, დავუშვათ, ასეთი თემები ხდებოდა და ამ დროს ის იყო ამ ფონდის დირექტორი, მაშინ გამოდის, მან დანაშაული დაფარა. ანუ, ის ვერ ხვდება, რომ ამ განცხადებით აღიარებს, რომ ისიც თანამონაწილე იყო ამ სქემის და ფარავდა დანაშაულს, არ აწვდიდა ინფორმაციას საგამოძიებო უწყებებს. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივად ხავსს მოჭიდებული ახალგაზრდა, რომელმაც იცის, რომ მოუწევს პასუხისგება დანაშაულის გამო, რაც ჩადენილი აქვს. გამოძიება და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, ახლა ცდილობს, რომ ოპოზიციასთან დაახლოებით თავი დაიძვრინოს, მაგრამ ვერც ის ვერ დაიძვრენს თავს და ოპოზიციაც რომ ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდება, ამას ხვალ ვიხილავთ ყველა ერთად“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

დღეს თანაინვესტირების ფონდმა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის, დავით გალუაშვილის განცხადება გაავრცელა, სადაც გულუაშვილი ამბობს: „გავეცანი „ტვ პირველზე“ გასულ გადაცემას – „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი და მიანიშნებს, თითქოს ბატონი ბიძინა პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული. ბაჩიაშვილისთვის თუ ცნობილი იყო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს ამას არჩევნების წინ, ჩნდება ეჭვი, რომ ხდება თემების პოლიტიზება“.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას აბსურდული უწოდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ: „ბაჩიაშვილის განცხადებას აბსურდულია, მასშტაბური დანაშაულის შესახებ თუ ჰქონდა ინფორმაცია, რატომ აქამდე არ გაამჟღავნა? მისი მიზანია, ზიანი მიაყენოს ჩემი მარწმუნებლის საქმიანობას“.