ლევან ლორთქიფანიძე - პანდემია იქნება გაკვეთილი საქართველოს ეკონომიკის მესვეურებისთვის, ცოტა ფანტაზია გამოიმუშაონ, შორს გაიხედონ და რაღაც დაგეგმონ
ლევან ლორთქიფანიძე - პანდემია იქნება გაკვეთილი საქართველოს ეკონომიკის მესვეურებისთვის, ცოტა ფანტაზია გამოიმუშაონ, შორს გაიხედონ და რაღაც დაგეგმონ

ვინც მდიდარია, მან მეტი პროცენტული წილი უნდა გადაიხადოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ლევან ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რადგან ეკონომიკური და პოლიტიკური წრეები ერთმანეთთან ძალიან არიან დაახლოებული, არ იცნობენ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების მოდელს, კეთილდღეობის სახელმწიფოების მოდელს, რომლებმაც კრიზისები გამოიარეს, მაგრამ უარი არ უთქვამთ პროგრესულ გადასახადებზე და ა.შ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა პანდემიის შედეგების უკეთ მართვა, ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი ბერკეტი და ამიტომ, მას ვერ მოვთხოვთ კრიზისების მართვის ისეთივე მენეჯმენტს, როგორიც ვთქვათ, გერმანიამ აჩვენა.

„მართალია, გერმანიასაც პრობლემები აქვს, მაგრამ იქ მაინც აღჭურვილია სახელმწიფო, იქ ფედერალური ძალაუფლებაც არსებობს და არსებობს უამრავი სხვა ბერკეტი, რომ ცენტრალურმა ბანკებმა იგივე უმუშევრობის რეგულირებაზე იმუშაონ და ა.შ, საქართველოში კი გვაქვს მინიმალური, გაძარცვული, უფუნქციო და უბერკეტო სახელმწიფო“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, საჭიროა, პანდემიიდან დასკვნა გამოვიტანოთ, რათა ქვეყანა შტორმებში ასე არ ცურავდეს, რასაც ყოველწლიურად ვაწყდებით.

„ჩემი ოცნებაა, ამ პანდემიიდან დასკვნა მაინც გამოვიტანოთ. როდესაც კრიზისი დადგა, ჩვენით პირბადე ვერ ვაწარმოეთ, პიდბადის კრიზისი გვქონდა, მერე უცბად გადაეწყო, უცბად რაღაც იშოვეს და უცბად გაკეთდა ეს; როდესაც საზღვრები ჩაიკეტა და ტურიზმი გაჩერდა, ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე აღმოჩნდა, გადავედით ან არსებული რესურსების პრივატიზაციაზე, ან მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებიდან ვალების აღებაზე. აქ არაფერი არ მუშაობს. იმედი მაქვს, პანდემია იქნება გაკვეთილი, რომ საქართველოს ეკონომიკის მესვეურებმა ცოტა ფანტაზია გამოიმუშაონ, ცოტა შორს გაიხედონ და რაღაც დაგეგმონ“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.