ლევან კობიაშვილის ინფორმაციით, სტადიონებზე გულშემატკივრებს უახლოეს დღეებში დაუშვებენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ინფორმაციით, ღია სტადიონებზე გულშემატკივართა დაშვება უახლოეს დღეებში მოხდება. ამის შესახებ კობიაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გულშემატკივრები სტადიონებზე თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ დაიშვებიან.
„თვეზე მეტია, ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი დაიწყო და ასევე, სპორტის სხვა სახეობებიც გააქტიურდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი ხდება მაყურებლის გარეშე. შესაბამისად, საკითხი დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით, ეს შეეხება ღია სტადიონებს. ძალიან სასიხარულოა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება, თუმცა, ხაზს გავუსვამ ეს არ მოხდება ქაოტურად. სტადიონზე შესვლამდე ჩატარდება თერმოსკრინინგი, ყველა ის ზომა იქნება დაცული, რაც პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა კობიაშვილმა.