ლევან კობიაშვილი - ვულოცავ კახა კალაძეს, ღირსეულ ქართველს მისი სახელობის საფეხბურთო ცენტრის გახსნას, კახი, შენ ეს დაიმსახურე
ვულოცავ კახა კალაძეს, ღირსეულ ქართველს მისი სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნას, კახი, შენ ეს დაიმსახურე, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
კობიაშვილის თქმით, თითოეული ასეთი პროექტი, უდიდესი ბედნიერება და სიამაყის გრძნობაა.
„ძალიან ამაყი დღე არის, ვინაიდან თითოეული ასეთი პროექტი, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსთან, ფიფასა და უეფასთან ერთად ახორციელებს, უდიდესი ბედნიერება და სიამაყის გრძნობაა. ამაყი ვარ დღეს, რომ შეგვიძლია, ეს არაჩვეულებრივი საფეხბურთო ცენტრი გავხსნათ, რომელიც ვისი სახელობის უნდა იყოს, თუ არა კახი კალაძის. ამ ცენტრს ერქმევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი. მინდა, მივულოცო კახის, ჩემს მეგობარს, ღირსეულ ქართველს. ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი სიხარული მოგვანიჭა წლების განმავლობაში, ვამაყობდით მისი სახელით, მისი თამაშით. ძალიან კარგად ვხვდები, რამხელა ბედნიერებაა კახისთვის. კახი, შენ ეს დაიმსახურე და ქართული ფეხბურთის ფედერაციის ოჯახის სახელით მადლობას გეუბნებით ყველაფრისთვის, რაც გააკეთე და რასაც გააკეთებ მომავალში“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.