ლევან კობერიძის შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები ბერმუდის სამკუთხედის მისტიურ პროცესებს დაემსგავსა
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები ბერმუდის სამკუთხედის მისტიურ პროცესებს დაემსგავსა, როცა ხმის მიცემის შედეგები ტელეპატიის რანგში გადადის.
ჟურნალისტებთან საუბარში ლევან კობერიძემ ყურადღება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რა ხდება.
„პარლამენტი ძალიან მალე იმ მნიშვნელოვანი პროცესის წინაშე დადგება, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემა ჰქვია.
შეიძლება რომელიღაც დეპუტატს, ვისაც შინაგანი წინააღმდეგობა აქვს, შესაძლობლობა ჰქონდეს იმის, რომ ამა თუ იმ კანდიდატს ხმა არ მისცეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 76 ხმა პარლამენტში მობილიზებული იქნება. ამ პროცესზე კარგს არაფერს არ ვფიქრობ, უმრავლესობაც სწორედ ამიტომ დავტოვე. პარლამენტში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ფარსის დამაგვირგვინებელი ეტაპი იქნება”, – დასძინა კობერიძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი, ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ხვდებიან. შეხვედრას უმრავლესობის წევრები ბიძინა გეგიძე და აკაკი ზოიძეც ესწრებიან.