ლევან კობერიძე - წარმოუდგენელია, საპარლამენტო რესპუბლიკაში მინისტრის მოხსნა-დანიშვნა გუნდში განხილვას არ ექვემდებარებოდეს
ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მინისტრის მოხსნა-დანიშვნა გუნდში განხილვას არ ექვემდებარებოდეს, ეს კითხვა მექნებოდა პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.
„ეკონომიკის კომიტეტში ვარ და არაფერი არ გაგვიგია საერთოდ, ვინმეს თუ ხსნიდნენ ან თუ ნიშნავდნენ. ჩვენი მინუსი თუ არის არ ვიცი, მაგრამ მგონი ვცდილობთ, რომ კარგად ვიმუშაოთ. მთლიანობაში ისე უნდა ხდებოდეს, რომ მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა, მისი მოხსნა-დანიშვნაც ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში გუნდში განხილვას არ ექვემდებარებოდეს. ეს კითხვა მექნებოდა მაგალითად პრემიერ-მინისტრთან“,- განაცხადა კობერიძემ.
დეპუტატის თქმით, გიორგი ქობულიას მუშაობას უარყოფითად ვერ შეაფასებს, თუმცა კობერიძე ამბობს, რომ მინისტრს ეკონომიკის კომიტეტთან საკმარისი კომუნიკაცია არ ჰქონდა.
„ნამდვილად ვერ ვიტყვი უარყოფით შეფასებას მის მუშაობაზე. რაც შეეხება იმას, რომ არც თუ ისე საკმარისი კომუნიკაცია და სამუშაო რეჟიმი გვქონდა ეკონომიკის კომიტეტს ყოფილ მინისტრთან, ეს შემიძლია ნამდვილად დავადასტურო.
თუმცა, რა გახდა რეალური მიზეზი, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. არ მინდა ვარაუდებზე ვილაპარაკო. მინდა, პრემიერ-მინისტრთან ვილაპარაკოთ ამასთან დაკავშირებით ჩვენ, კომიტეტის წევრებმა, თუნდაც სამუშაო შეხვედრაზე, რომ ვიცოდეთ რა ხდება, რატომ მიდის ეკონომიკის მინისტრი, რატომ ინიშნება ახალი, ახალს რა ხედვა აქვს, ძველს რა შეცდომები ჰქონდა მისი გადმოსახედიდან. ვფიქრობ, პარლამენტში ამასთან დაკავშირებით რაიმე ფორმატში მსჯელობა უნდა იყოს“,- განაცხადა კობერიძემ.
გიორგი ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მამუკა ბახტაძემ ქობულიას გადადგომის განცხადება უკვე დააკმაყოფილა. ქობულია მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავამ შეცვალა.