ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს
ლევან კობერიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე გეგმავს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, კანონპროექტი არის ანტიკონსტიტუციური, რადგან ფაქტობრივად, ცვლილებები პარლამენტის გვერდის ავლით მთავრობას აძლევს იმ უფლებების შეზღუდვის საშუალებას, რაც მას მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს ჰქონდა.

„ეს ყველაფერი იყო პარლამენტის პრეროგატივა. ახლა აპირებენ, ამ კანონის ვადის წლის ბოლომდე გაგრძელებას. კონკრეტულ შედეგებს უნდა ვიღებდეთ, თუ რა ეპიდემიოლოგიურ პროგნოზზე ვსაუბრობთ, რამდენად მზად არის ჰოსპიტალური სექტორი და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად არის, მეორე ტალღით რატომ გვაშინებენ. თუ მეორე ტალღა ასეთი საშიშია, მაშინ ყველაფერი რატომ იხსნება ეკონომიკის მიმართულებით?! დღეს, სამწუხაროდ, პარლამენტი თავის უფლებამოსილებას დათმობს და მთავრობას გადასცემს. კენჭისყრის შედეგებს დაველოდები და ალბათ, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს. თუ ასე მოხდა, აუცილებლად დავიწყებთ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პროცესს“, – განაცხადა კობერიძემ.