ლევან კობერიძე - საქართველოს ეკონომიკისთვის უკეთესია, რაც მეტი გზა იქნება კეთილმოწყობილი
იმედია, ეს აღარ განმეორდება, მაგრამ თუ რუსეთი გადაწყვეტს სამხედრო ინტერვენციას, ამისთვის მაინცდამაინც ასფალტიანი გზა არ დასჭირდება ,- ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
კობერიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე რაც მეტი გზა იქნება კეთილმოწყობილი, ქვეყნის ეკონომიკისთვის უკეთესია.
„მიმაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, მის საზღვრებს შიგნით, რაც უფრო მეტი გზა იქნება გაკეთებული და კეთილმოწყობილი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უკეთესია. იმედია, ეს აღარ განმეორდება, მაგრამ რუსეთის ჯარს, სამწუხაროდ, თუკი გადაწყვეტს სამხედრო ინტერვენციას, ამისთვის მაინცდამაინც ასფალტიანი გზა არ დასჭირდება“ ,- განაცხადა ლევან კობერიძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ „სახელმწიფოს პოლიტიკაა, მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ, ამას მოწმობს ქვეშეთი-კობის საგზაო მონაკვეთის დაფინანსება, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ქვეშეთი-კობის გზით რუსეთს ვაძლევთ ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობას“.