ლევან კობერიძე - „ქართულ ოცნებას“ აწყობს, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპონენტი იყოს და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოაჩინოს თავი
დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას 20 ივნისის აქციის დარბევა „გაუპრავა”.
ჟურნალისტებთან საუბარში ლევან კობერიძე ფრაქციის ფორმატში, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისა და მინისტრობის კანდიდატების დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, დღეს, გიორგი გახარიას მაშველ რგოლად „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინა.
„რეალობაა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას და მისი სამაშველო რგოლია. ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, როცა „ქართული ოცნება“ წამგებიან მდგომარეობაშია, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნური გარიგებით ან ბუნებრივად იმ მდგომარეობით, რასაც მათი თანამშრომლობა ჰქვია, ერთმანეთს დამხმარე, სამაშველო რგოლად ევლინებიან. დღეს სწორედ ეს მოხდა.
თავიდან „ნაციონალები“ შეხვედრას არ აპირებდნენ, უცებ, შეხვედრა გადაწყვიტეს და გააკეთა ის, რაც გააკეთეს. ეს არის გიორგი გახარიას დანიშვნის „გაპრავება“. როგორც ჩანს, მათი აქცენტები და შედეგები წინასწარ გამიზნული ქმედება იყო“, – განაცხადა კობერიძემ.
მისი თქმით, სახეზეა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არათუ თანამშრომლობა, არამედ ერთობლივი ქმედებები.
„ეს ის ტანდემია, რომელიც საქართველოში უნდა დასრულდეს. ეს არის ის ტანდემი, რომელსაც ქვეყანა რეგრესისკენ მიჰყავს. გახარია მიმართავდა არა მოსახლეობას, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“. ერთმანეთი დაამთავრონ და მოხარული ვიქნებით. მოხარული ვიქნებით მოსახლეობამ გაიგოს, მოწოდებული არიან, რომ შენარჩუნებული იყოს მათი ძალაუფლება. „ქართულ ოცნებას“ აწყობს, “ნაციონალური მოძრაობა” მისი მთავარი ოპონენტი იყოს და თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, თავი წარმოაჩინონ მთავარ ოპოზიციურ ძალად“, – განაცხადა კობერიძემ.