ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მისვლას და მისგან ინფორმაციის მიღებას ითხოვს იმის თაობაზე, თუ რას ეყრდნობა ეპიდემიოლოგიური პროგნოზი.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კობერიძემ განაცხადა, გაუგებარია, პარლამენტმა სამუშაო რეჟიმზე უარი მთლიანობაში რატომ თქვა, მათ შორის აქტიურობა კომიტეტშიც არ შეინიშნებოდა.
მისი თქმით, რატომღაც, პარლამენტმა თავისი თავი „არდადეგებზე წასულად“ გამოაცხადა.
„კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, საგანგებო სხდომაზე იკრიბება პარლამენტი და ამ დროს, ბიურომ სამოქმედო გეგმა უნდა დაამტკიცოს. რატომღაც, ბიურომ უცნაური დადგენილება მიიღო, სამოქმედო გეგმის ნაცვლად, რომელიც უნდა ყოფილიყო ორიენტირი პარლამენტის, კომიტეტების, ცალკეული პარლამენტარების სამუშაო პროცესის, ამის ნაცვლად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს სრული უფლებამოსილება გადაეცა, თავისი შეხედულებისამებრ თავად განესაზღვრა პარლამენტის მუშაობა, არმუშაობა. ბატონმა არჩილმაც გადაწყვიტა, რომ ამ პირობებში უფრო მეტი დასვენება გვჭირდებოდა, ვიდრე მუშაობა.
როდესაც უმრავლესობა თვლის, რომ მისთვის სასურველი კანონპროექტებია გამოსატანი, ამ დროს ხდება ხოლმე შეკრება, რაც სამწუხაროა. აღქმა გვრჩება, რომ პარლამენტი არდადეგებზეა წასული და ახლა დაბრუნდა, ყოველ შემთხვევაში კომიტეტი, რაც ხელს ინსტიტუციონაურ განვითარებას არანაირად არ უწყობს“, – აღნიშნავს კობერიძე.
დეპუტატის განცხადბეით, ძალიან გაუკვირდა, რომ ჯანდაცვის კომიტეტის დღის წესრიგში შეტანილი არ იყო ჯანდაცვის მინისტრის სტუმრობის საკითხი.
„ფრაქციის სახელით დაბარებული იყო, კომიტეტის სახელით დაბარებული იყო და კენჭი ვუყარეთ. პირველივე კომიტეტზე რატომ არ არის მინისტრი იმ ფორმალურ საკითხებზე, რაზეც იყო დაბარებული? როცა ჯანდაცვის კომიტეტი იკრიბება ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დაბარების გარეშე, სამინისტროს წარმომადგენელი მაინც მოსულიყო, რომ ინფორმაცია მოგვაწოდოს. გახსნაა დაგეგმილი 22 მაისიდან. არანაირი გათვლა, თუ რა ეპიდეიოლოგიური პროგნოზების საფუძველზე დაიგეგმა მოხსნის ეტაპები, პრაქტიკულად, არავის უთქვამს. რა კრიტერიუმებს ვუყურებთ? ეპიდემიოლოგებმა ოქროს დღეები მოგვცეს იმისთვის, რომ სისტემა უკეთ მომზადებულიყო, მაგრამ რისთვის მოემზადა, ამაზე აქვს ვინმეს პასუხი – რა იყო დასაწყისში და ახლა რა არის?
როგორც ვხედავ, ქალბატონი მინისტრი არ აპირებს მოსვლას, არც რეგლამენტით არც დაბარებით, არც თხოვნით არ მოდის და მაშინ, კომიტეტმა ვენეციურ კარნავალს გავუკეთოთ ორგანიზება, თან ნიღაბს გაიკეთებს და ჩაეთვლება, რომ მოვიდა და თან ვერავინ დაინახავს. იქნებ, მაშინ მოვიდეს მინისტრი, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. სურვილი მაქვს, რომ ამ კომიტეტში მოვისმინო კონკრეტული კრიტერიუმები, რას ეყრდნობა ეპიდემიოლოგიური სურათის პროგნოზი.
ეს მხოლოდ ეპიდემიოლოგების გასაკეთებელი აღარაა. მაშინ, ამირან გამყრელიძე იქნება პრემიერ-მინისტრიც, პარლამენტის თავმჯდომარეც თავის გუნდთან ერთად და ჩავაბაროთ ქვეყანა, რადგან თავისი გასაკეთებელი მართლაც მშვენივრად მართეს. ეს არის სამინისტროს, მეცნიერების, ექიმების, ეპიდემიოლოგების ერთად გასაკეთებელი. მსგავსი სამუშაო არათუ არ გაკეთებულა, ამაზე მსჯელობასაც ვერ ვხედავ. მხოლოდ იამაყოს მთავრობამ იმით, რომ ეპიდემიოლოგები კარგად მუშაობენ, ბოდიში, მაგრამ მათი გაზრდილები არ არიან ეპიდემიოლოგები. მათ თავის დროზე ისწავლეს და ქვეყანას ამიტომ გამოადგნენ. იამაყონ იმით, თვითონ რასაც გააკეთებენ“, – აღნიშნა კობერიძემ.