ლევან კობერიძე - პარლამენტში აუდიო-ვიდეო ჩანაწერების მოსასმენად არ მოვსულვარ, მივმართავ პროკურატურას, ბაკქანალია დროზე დაასრულოს
ლევან კობერიძე - პარლამენტში აუდიო-ვიდეო ჩანაწერების მოსასმენად არ მოვსულვარ, მივმართავ პროკურატურას, ბაკქანალია დროზე დაასრულოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი, რაც შეიძლება დროულად დაასრულოს.

როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, პარლამენტში იმისთვის არ მოსულა, რომ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს უსმინოს.

„პარლამენტში მოვედი, რომ ვეცადო, ქვეყანაში მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. წინა თვის ეკონომიკის ორ პროცენტიანი ზრდა და ლარის კურსის მერყეობა უფრო მეტად მაღელვებს, ვიდრე ჩანაწერები. მთავარ პროკურატურას პირდაპირ მივმართავ, გარკვეული ბაკქანალია, რაც ხდება, გამჭვირვალე გამოძიებით დროზე დაამთავროს. ამას პროკურატურისგან ვითხოვ, როგორც დეპუტატი. ამ საქმეს მე ვერ გამოვიძიებ, ეს საქმე პროკურატურამ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიძიოს. როცა ხორავას ქუჩის საქმეზე დავინახე, რომ საქმის გამოძიება დროულად არ ხდებოდა და კითხვები იყო, მთავარი პროკურორის გადადგომა მოვითხოვე. ეს ჩემი პოზიციაა, როგორც დეპუტატის, რომლის ვალდებულებაა, მოსახლეობის წინაშე პროკურატურას მოვუწოდო, მსგავსი სახის საქმეები დროულად გამოიძიოს. ვერ დაგეთანხმებით, რომ პროკურატურა ისე იქცევა, როგორც ხელისუფლებას აწყობს, თუმცა ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობამ პროკურატურის ოპერატიულ-კვალიფიციურ მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები აჩვენა“, – განაცხადა კობერიძემ.