ლევან კობერიძე - ცვლილებები საკმარისად არ მივიჩნიე, რომ მოსამართლეთა კრიტერიუმების კანონპროექტისთვის ხმა მიმეცა
განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე საკმარისად არ მივიჩნიე, რომ კანონპროექტისთვის ხმა მიმეცა და მწვანე ღილაკისთვის დამეჭირა ხელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში მისთვის რამდენიმე საკითხი მიუღებელია.
„ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფარული კენჭისყრის თემა და კიდევ რამდენიმე საკითხი იყო. ცვლილებები შეტანილი იყო, მაგრამ არასაკმარისი. ვიცი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობ და არც შიდა პარტიული დემოკრატია გვაკლია. ჩემი განცხადება გუნდის შიგნით მანამდეც გავაკეთე და დაფარული არ მქონდა, თუ რა შემთხვევაში არ დავუჭერდი მხარს. ჩემი პოზიცია ღია და გამჭვირვალე იყო. პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც იქ იყო, როცა ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ არსებული სახით კანონპროექტს ხმას წინააღმდეგ ვაძლევდი. გუნდისთვის კარგი გადაწყვეტილება მივიღე, თითოეული დეპუტატი განსაზღვრავს, რომელ კანონპროექტს უნდა დაუჭიროს მხარი“, – განაცხადა კობერიძემ.