ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ გარკვეულ თემებზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მორალური ზღვარის წაშლის ტენდენცია შეინიშნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მორალური ზღვარის წაშლის ტენდენცია შეინიშნება.
ჟურნალისტებთან საუბარში ლევან კობერიძემ არ დააკონკრეტა, დაესწრება თუ არა „დაიცავი საქართველოს“ 13 აპრილის შეკრებას, თუმცა ამბობს, რომ თუ საზოგადოების დაკვეთა და აუცილებლობა იქნება, ნებისმიერი დეპუტატი ხალხთან ახლოს უნდა იყოს, მათ შორის, ნებისმიერ შეხვედრაზე.
„დავით მაღრაძის სიტყვები ყურადსაღები და დასაფიქრებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სესიების დაწყება-დასრულების დროს, ამ ადამიანის დაწერილ ტექსტზე, ჰიმნზე ფეხზე ვდგებით. მისი გამონათქვამი საინტერესოა. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ეს ტენდენცია შეინიშნება, დიდი სურვილი მაქვს, ეს ტენდენცია გაჩერდეს და შემდგომი მსვლელობა აღარ ჰქონდეს. ჩემთვის ეს ტენდენცია სასამართლოს თემაზე შეინიშნება“, – აღნიშნა კობერიძემ დავით მაღრაძის განცხადების საპასუხოდ.
„დაიცავი საქართველო“ 13 აპრილს შეკრებას მართავს. დავით მაღრაძემ შეკრებაზე დასწრებისკენ იმ ადამიანებს მოუწოდა, ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი.