ლევან კობერიძე - ხელისუფლება ვერ მართავს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, სწორედ ამიტომ ვართ დღეს ამ სიტუაციაში
პარტია „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წევრებმა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასეს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ მთავრობას რეკომენდაციები და 15 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა შესთავაზეს.
„ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, არის ის, რომ ხელისუფლება ვერ მართავს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. ანუ მათ შეძლეს მხოლოდ შეკეტვა, რომელიც დაახლოებით წლის დასაწყისში განხორციელდა. ამის შემდეგ, როდესაც შეკეტვა დასრულდა, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ამ სიტუაციაში. ჩვენი შეთავაზება არის ძალიან კონკრეტული 15 პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის აუცილებელი წინაპირობა, რომ მართვა ხორციელდებოდეს გეგმაზომიერად და არ გამოიწვიოს ამ სიტუაციამ მოსახლეობის პანიკა, შიში და აქედან გამომდინარე, შემდგომი პრობლემები”, – განაცხადა კობერიძემ.
„ლელოს“ მიერ წარმოდგენილი 15-პუნქტიანი რეკომენდაციები შემდეგია:
რეკომენდაციების, პროტოკოლების და გაიდლაინების უპირობო დაცვა ყველასათვის, გამონაკლისების გარეშე;
პანდემიის დროს საბავშვო ბაღების, სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების მართვის მზადყოფნის და მათი ფუნქციონირების მუდმივი კონტროლი;
სწავლის დაწყებამდესკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლებისთვის, აღმზრდელებისთვის, ადმინისტრაციული და სამეურნეო განყოფილებების თანამშრომლებისსთვის კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება;
საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული კონტროლიორების და მძღოლების დატრეინინგება, მათ მიერ მონიტორინგის ფუნქციის აღება და პასუხისმგებლობის დაკისრება;
პირველადი ჯანდაცვის ობიექტების აღჭურვა პირადი დაცვის საშუალებებით, ოჯახის ექიმების და ექთნების მზაობის ხარისხის დადგენა და მათი გადამზადება;
თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ყოველდღიური კონტროლი და მხარდაჭერა.
სახელმწიფოს მხრიდან პანდემიასთან დაკავშირებული სრულყოფილი და გამჭირვალე საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელება;
საავადმყოფოების მზაობის და ფუნქციონირების მუდმივი მხარდამჭერი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან;
სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ცხელების ცენტრებისა და პროფილური კლინიკების სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური ტესტირება;
ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მუშაობის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დაავადებათა კონტროლის რეგიონალური ცენტრების გაძლიერება;
საარჩევნო უბნების რეგულაციების დროული შემუშავება, თანამშრომლების გაზრდა. იზოლაციასა და სტაციონარში მყოფ ადამიანებზე ხმის მიცემის უფლების რეალიზაცია;
სასტუმროების პერსონალის ტრენინგი და მუდმივი კონტროლი.
მოსახლეობასთან ეფექტიანი საკომუნიკაციო კამპანიის წარმოება მიმდინარე და მოსალოდნელი სიტუაციიდან გამომდინარე, პრევენციული და გადაუდებელი ღონისძიებებისა შესახებ;
წინსაარჩევნო გარემოსთან მიმართებაში მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიებისათვის მკაფიო გაიდლაინებისა და რეკომენდაციის შემუშავება.