ლევან კობერიძე - ჯანდაცვის მუშაკების კომპენსაციის გაზრდა არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც მთავრობას შეუძლია, მხარი დაუჭიროს პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე მდგომ მამაც ადამიანებს
„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის თქმით, სამედიცინო პერსონალმა, რომელმაც უშუალოდ მონაწილეობა მიიღო კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში, ფინანსურად არ წახალისებულა.
როგორც კობერიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროვოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ხელფასი და ასევე მოხდეს მათი მოტივაცია.
„მედიცინის სფეროს მუშაკების, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში, წახალისება და ფინანსური მოტივირება არ ხდება და ყველაზე სამწუხაროა, რომ მომავალში დაგეგმილიც კი არ არის. პირიქით, მიმდინარეობს სამედიცინო საზოგადოების ერთგვარი ტერორი, ახალი არაადეკვატური რეგულაციების შემოღება, ექიმების დაკავება, დაშინება, პირველად ჯანდაცვის სექტორში ხელფასების შემცირება. ჯერ არ მომხდარა გაზაფხულზე შესრულებული უზარმაზარი სამუშაოს სრულყოფილი დაფინანსება. მთავრობა ვერ აანალიზებს იმ ფაქტორს, რომ სამედიცინო სტრუქტურის გამართული მუშაობა და, პირველ რიგში, ღირსეულად დაფასებული და მოტივირებული მედიცინის მუშაკები, არის კორონავირუსის ეპიდემიის ეფექტიანი მართვისა და საბოლოო დამარცხების საწინდარი. ჯანდაცვის მუშაკების კომპენსაციის გაზრდა არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც მთავრობას შეუძლია, მხარი დაუჭიროს იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგანან“, – განაცხადა კობერიძემ.
მისივე თქმით, ვინც ეპიდემიის წინახაზზე მუშაობს უნდა წახალისდეს დამატებითი 1000 ლარით.
როგორც კობერიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტში განიხილეს, სამედიცინო პერსონალისთვის არ არის გამოყოფილი არანაირი წამახალისებელი თანხა. კობერიძე მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები არიან დაუფასებლები და მხოლოდ მადლობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს მთავრობა. აუცილებელია ბიუჯეტში კონკრეტული სქემა ჩაიდოს, რომელიც უშუალოდ ექიმებს და ექთნებს შეეხებათ.
თავის მხრივ, როგორც „ლელოს” ჯანდაცვის წარმომადგენელმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა, როცა მსოფლიოში ექიმების ხელფასი 20%-ით იზრდება, საქართველოში ექთნები მინიმალურ ხელფასზე მუშაობენ. სურგულაძის განცხადებით, საჯარო უნდა გახდეს ყველა ის სახელმწიფო ხარჯი, რომელიც მოხმარდა „კოვიდ-19“-ის ეპიდემიასთან ბრძოლას, რადგან მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის შრომის ხელშეკრულების პირობები კაბალურია.
„აუცილებელია, ყველა იმ სამედიცინო, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ვინც ჩართულია სასწრაფოდ ეპიდემიის არსებობის პერიოდში, მოხდეს ყოველთვიური ბონუსური სისტემის შემუშავება და განხორციელება, რომლის გაკეთება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. გარდა იმ ადამიანებისა, ვინც უშუალოდ ჩართულები არიან „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში, დღეისთვის, ქვეყანაში დაახლოებით 25 000 დასაქმებული სერტიფიცირებული ექიმია და ამდენივე ექთანი. უმრავლესობა გადანაწილებულია სხვადასხვა კერძო კლინიკაში. ექთნები იძულებული არიან, შეთავსებით დასაქმდნენ სამ, ოთხ და ზოგჯერ, ხუთ ადგილზეც კი, მათ შორის, სხვა ქალაქშიც და მუნიციპალიტეტში. პირველ რიგში, დაბალი ანაზღაურება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2013 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში არ ხდება ტარიფების შეცვლა, პირიქით, ზოგიერთი დაავადების მკურნალობის ტარიფებმა დაიკლო. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომელიც იყო 2013 წელს, დარჩა 2020-ში, რაც სამედიცინო პერსონალის შრომის პირობების დარღვევაა“, – განაცხადა სურგულაძემ.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, „ლელოს“ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ექთნების და ექიმების შრომა გახდეს დაფასებული, უსაფრთხო, მაღალანაზღაურებადი, ასევე გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და გაუთანაბრდეს საერთაშორისო სტანდარტებს.