ლევან კობერიძე - „გულმხურვალე მართლმადიდებელ“ სააკაშვილსა და „ანტიქრისტე“ ბოკერიას მოვუწოდებ, ურთიერთობა ერთმანეთში გაარკვიონ
ლევან კობერიძე - „გულმხურვალე მართლმადიდებელ“ სააკაშვილსა და „ანტიქრისტე“ ბოკერიას მოვუწოდებ, ურთიერთობა ერთმანეთში გაარკვიონ

„გულმხურვალე მართლმადიდებელ“ სააკაშვილსა და „ანტიქრისტე“ ბოკერიას მოვუწოდებ, ურთიერთობა ერთმანეთში გაარკვიონ და „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ორ პოლუსს ნუ შექმნიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განუცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსია.

„რეალურად, მისი განცხადებები არის ხელისუფლების მთავარი ხაზი საარჩევნოდ, რომ ბუა მოდის, მისი უნდა გვეშინოდეს და ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცეს. ეს არის ორპოლუსიანობა, რასაც კარგად იყენებს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მიხეილ სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არ არის. სპექტაკლის ნაწილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა იძახოს, ბუა მოვდივარ და ეს გაიმეოროს „ქართულმა ოცნებამ“. 2020 წლის არჩევნებზე სხვა არჩევანი აუცილებლად იქნება, ეს უნდა იყოს არჩევნები და არჩევნების უფლება ორივე პარტიამ ხალხს უნდა დაუტოვოს”, – აღნიშნა კობერიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.