ლევან კობერიძე - ეკონომიკის მინისტრსინტერპელაციის წესით დავიბარებთ, თუ სამინისტრო კონკრეტულ დროში არ წარმოგვიდგენს გაწერილ გეგმას
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, მის სადეპუტატო კითხვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებული პასუხი „არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე”.
„საქმე ის არის, რომ პარლამენტის წევრმა 29 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათელა თურნავას სახელზე სადეპუტატო კითხვა გააგზავნა, რომლითაც ის მთავრობისგან რუსული ეკონომიკური სანქციის წინააღმდეგ შექმნილი კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის მიწოდებას ითხოვდა“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
როგორც ლევან კობერიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი ითხოვდა ინფორმაციის მიღებას მთავრობის მთლიან ხედვაზე ტურიზმის მიმართულებით, ნიშანდობლივად კი მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში, თუმცა, მისივე თქმით, ამ დღეებში სამინისტროდან მიღებულ პასუხში დეტალურად არ ჩანს ის გეგმები, რომლითაც მთავრობა შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამოსწორებას ეცდება.
„ეს პასუხი არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ნაჩქარევი ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს არის ძველი პროგრამების კრიზისულ სიტუაციაზე (ტურიზმის სექტორში) მორგების უსუსური მცდელობა და არაფერი კონკრეტული იმ კონკრეტულ გამოწვევაზე, რის წინაშეც ვართ. კონკრეტული მხოლოდ ის არის, რომ ფრენების სუბსიდირებაზე, ფაქტობრივად, „აირზენასთვის“ გამოყვეს 1,2 მილიონი ევრო. ეს არის კრიზისული მენეჯმენტის არცოდნა. ეკონომიკის მინისტრს აუცილებლად დავიბარებთ ინტერპელაციის წესით, თუ კი სამინისტრო არ წარმოგვიდგენს კონკრეტულ დროში და პროექტებში გაწერილ გეგმას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.