ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მცხეთისა და ფოთის საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებიც ითხოვენ
ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომას მცხეთისა და ფოთის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ითხოვენ.
ფოთის საკრებულოს ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და საკრებულოს წევრები ჟანა ჩაჩავა, პაატა ჩაგანავა, მარიამ უჩანეიშვილი და მიშა ფირცხალავა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირებების გაღრმავებასა და უამრავ დაგროვილ პრობლემაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს.
„ლევან ხაბეიშვილმა, უამრავი გაცემული დაპირების (ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება – მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად, მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და „ქართული ოცნების“ ნარჩენებით პარტიის გავსება, რითიც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია. იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები, რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ, მოვითხოვთ, ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს, რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კახაბერ წოწინაშვილი, გიორგი სარდლიშვილი, ვეფხო მილაძე კი განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარეობისა და ამჟამინდელი მენეჯმენტის პირობებში პარტიის ერთობა არის შეუძლებელი.
„ამას ამტკიცებს მათი ქმედებები ბოლო 10 თვის განმავლობაში, მათ მიერ კრიზისის არაღიარება და დღეს გაკეთებული განცხადებები, რომ არჩევნები ჩატარდება 2025 წელს. 2024 წელს, გადამწყვეტ არჩევნებში პარტია ვერ შევა გახლეჩილი, ვერ აჩვენებს ღირსეულ შედეგს ლევან ხაბეიშვილის მართვის პირობებში, შესაბამისად, ვითხოვთ, გადადგეს თავმჯდომარე, რომ გახდეს ერთობა შესაძლებელი“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადებები კიდევ რამდენიმე რაიონის საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა გაავრცელეს.