ლევან ხაბეიშვილი - ზურაბიშვილის განცხადება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს
სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მან შესაძლოა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩამოყალიბდა რეჟიმი, სადაც შანტაჟი, მუქარა არის ყოველდღიურობა.
„სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იძლეოდა იმის შესაძლებლობას, აღვიქვათ, რომ შესაძლოა, ამ ადამიანმა მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არ დაიჭიროს, მაგალითად, კალაძის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას თუ გვიცვლიან ჩვენი ევროპელი კოლეგები სტატუსში ან ევროკავშირის წევრობაში, თურმე ეს არ აინტერესებს. ვინ მისცა კალაძეს უფლება, გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და ევროკავშირზე თქვას უარი, როცა საქართველოს მოქალაქეების 80%-ს უნდა ცივილური სამყაროს წევრობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. „ქართული ოცნების“ წევრები, ზოგადად, ყველას ესხმიან თავს, ვისაც მარტივად ვერ მართავენ, ვის გადაწყვეტილებაშიც ვერ ერევიან. იმავე კალაძის განცხადება ხომ მუქარა იყო, როცა თქვა, რომ ზურაბიშვილს კარიერა აღარ ექნება, მძიმედ დაამთავრებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, ლევან ხაბეიშვილმა თქვა: „ნიკა მელია რას აკეთებს, ინფორმაცია არ მაქვს“.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგი გამართა. აღნიშნულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და აღნიშნა: „მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.