ლევან ხაბეიშვილი - ზოგს მონიტორინგის სამსახურში ჰგონია თავი, მხართეძოზე წამოწოლილები წამომდგარან, ვიღაცები პირდაპირ „ქოცების“ მესიჯებზე სხდებიან, თავად რომ არ მოქმედებენ, ამ ფორმით ცდილობენ გამოჩენას
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან ყველა ახალი განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა.
როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად ყველასთან თანამშრომლობისთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რუსული ოცნების დასრულება“.
„რეალური პრობლემა, ამ ქვეყნის მთავარი რუსული საფრთხე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია მოკალათებული და გუშინდელი ჩვენი, ხალხის მოთხოვნის პარალელურად, დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი, რითიც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება, რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური – სახელად სასამართლო.
ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, რუსული ოცნება აგრძელებს ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას და ყველა ახალი განცხადება ფაქტობრივად წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს. უმნიშვნელოვანესია, კარგად გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და რეალური შრომა, ენერგია მიემართოს ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. უკიდურესად სამწუხაროდ გამოიყურება ყველა დაკარგული დრო, ენერგია, რომელიც არ მიემართება რეჟიმის წინააღმდეგ და მეტიც, რეალურად არის სასარგებლო და ხელის წამშველებელი რუსი ოლიგარქისთვის.
ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ „ექსპერტობს“, ზოგს თავი შეფასების, მონიტორინგის სამსახურში ჰგონია, მხართეძოზე წამოწოლილები წამომდგარან. ვიღაცები პირდაპირ ქოცების, რუსული ოცნების მესიჯებზე სხდებიან. თავად რომ არ მოძრაობენ, არ მოქმედებენ, არ იბრძვიან, არ მუშაობენ, ამ ფორმით ცდილობენ, გამოჩნდნენ სატელევიზიო სივრცეში. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიქრის – მათი არჩევანი და ნებაა.
რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად სათანამშრომლოდ ყველასთან, ვინც გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რუსული ოცნების დასრულება – აბსოლუტურად უპირობოდ ვიბრძოლებთ ამ პრიორიტეტების ფარგლებში ხალხთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან ერთად.
ამასობაში, რუსული ოცნება, რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმიან 9 აპრილის აქციას. მსურს, გადავუხადო მადლობა ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.