ლევან ხაბეიშვილი - წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ, ბატონო ირაკლი, მაგრად დაგერხათ
წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ, ბატონო ირაკლი, მაგრად დაგერხათ, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართველი ხალხი არ აპირებს, მონობას შეეგუოს.
„ომში მყოფ მოძმე უკრაინას მათთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ლიდერს, პრეზიდენტ სააკაშვილს ციხეში კლავთ წამებით, არაფრად მიგაჩნიათ, რომ პუტინთან მეომარ, თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელს გამოუტანეთ სასიკვდილო განაჩენი. ამასობაში სრულიად ცივილიზებული სამყარო მოგიწოდებთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ. კანდიდატის სტატუსი რომ არ მიგეღოთ, სასწრაფო წესით დააკავეთ ნიკა გვარამია იმის სადემონსტრაციოდ, რომ თქვენთვის არაფერს ნიშნავს სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, სახელმწიფო. აგრძელებთ პოლიტიკურ დევნას და ჩემს კოლეგას, გენერალ ჯანაშიას ბრალი წარუდგინეთ პრეზიდენტ სააკაშვილის იმ განკარგულების შესრულების გამო, რასაც „ქართული ოცნების“, თქვენი ხელისუფლებაც ასრულებდა ერთი წლის განმავლობაში.
რატომ არ ხსნით უკვე 10 წელია, ამ საქმეს გრიფს, რას და ვის ემალებით, ბატონო ირაკლი, რისი გეშინიათ? პარალელურად, ლანძღავთ, უშვერი სიტყვებით იხსენიებთ ჩვენს პარტნიორებს, კოლექტიური ზარქუას პირით აგინებთ ამერიკელებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. სამაგიეროდ, არაფერი მოგვისმენია თქვენგან ლავროვის, პუტინის ან მათნაირი ტერორისტების შესახებ. ამასობაში თქვენ და ივანიშვილი ჩამოყალიბდით კორუფციის, მომხვეჭელობის სიმბოლოდ, სიღატაკეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფონზე, თქვენ შეძელით და 400 000 მხოლოდ ორ ავტომობილში გადაიხადეთ. იქნებ, უთხრათ საქართველოს მოქალაქეებს, რა თანხებით შეძელით 400 000 ლარის გადახდა ორ ავტომობილში. პენსიონერებს ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ, თქვენ ყვებით, რომ მამამ გაჩუქათ 150 000 ლარი, ჯერ იყო, მეუღლეს აჩუქეთ ბაკურიანში ტყე, ახლა მამამ მაჩუქაო, ფაქტობრივად წუწუნებთ, ბატონო ირაკლი. რატომ რევთ ოჯახის წევრებს ქურდობაში, კორუფციაში, რატომ აკეთებთ ამას, რას ერჩით თქვენს ოჯახის წევრებს. იპარავთ, „ხართ ატკატებში“, იყავით, თავი დაანებეთ მამას, მეუღლეს, ოჯახის წევრებს და ნუ გაუფორმებთ მათ ტყეებს და ნუ დააბრალებთ, რომ 150 000 ლარი გაჩუქათ.
მოკლედ, ფაზლი ლაგდება შემდეგნაირად, ივანიშვილმა რაჭის ტყე რუსებს გადასცა, საჩხერეში საერთოდ ტყე გადახურა, გაიფორმა, მიიერთა, თქვენ ბაკურიანის ტყე მეუღლეს უსახსოვრეთ, ნარმანიამ თბილისთან ახლოს ტყე არჩია, ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი სამშობლოდან ემიგრაციაში ყრით და ოკუპანტები შემოგყავთ მათ ადგილას, ზამთარში მოსახლეობას გაზის გაძვირება დაუანონსეთ, ისედაც 2-3-ჯერ გაზრდილი ელექტოენერგიის გადასახადი. სხვათა შორის, მამაცაშვილისა და ივანიშვილის ჯიბე რომ გასქელდეს ამიტომ.
თქვენ ხართ ხელისუფლებაში. სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, მათ შორის სტატუსთან დაკავშირებით. ქართველი ხალხი არ აპირებს, მონობას შეეგუოს, არც ბერას სათამაშოებს. წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ, ბატონო ირაკლი, მაგრამ ამასაც ვერ გაიგებთ, თქვენ ანტონის ენაზე უნდა გითხრათ, მაგრად დაგერხათ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.