ლევან ხაბეიშვილი - ვაპირებ, კოლეგებთან ერთად ჩავიდე ჩოხატაურში, მასალას, რომელიც დასარიგებელია, თანამებრძოლებთან ერთად დავარიგებ, მობრძანდით, თუ ბიჭები ხართ, ვერავის თავს ვერ დავაჩაგვრინებთ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატებს მოუწოდებს, ჩოხატაურში დღეს მომხდარი შემთხვევით დაინტერესდნენ.
ხაბეიშვილის თქმით, ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისება იგეგმება და ამის შესახებ ბუკლეტების მეშვეობით საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ჩოხატაურში თავად ჩავა და სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით მასალებს თანამებრძოლებთან ერთად დაარიგებს.
„რუსული პარტიის წარმომადგენლებმა და ჩოხატაურის ადგილობრივმა ოლიგარქმა, რომელმაც, სხვათა შორის, რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, რუსმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა, ჩოხატაურის რაიონში გააუქმოს ნოდარ დუმბაძის სკვერი. ვინ-ვინ და ეს კონკრეტული მინიგარქი რომ იღებს გადაწყვეტილებას ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერის გაუქმებაზე, არის ჩვენი საზოგადოების, ადგილობრივების დაცინვა. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყო კამპანია ჩოხატაურში, „ნაციონალური მოძრაობა“ არიგებდა ბუკლეტებს, რომლებზეც არის ადგილობრივი მერი და თავმჯდომარე, უკან საინფორმაციო მასალა, რომ ჩოხატაურში ასხვისებენ ნოდარ დუმბაძის სკვერს. მათ შორის იძალადეს ქალბატონებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე, თათია ნიკოლაშვილზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარეს, დავით მჟავანაძეს, ასევე ჩოხატაურის საკრებულოს წევრს, არჩილ სიხარულიძეს და კიდევ რამდენიმე ჩვენს თანამებრძოლს. ჩიგოგიძის მიგზავნილები ადამიანები პოლიციის თანხლებით, პირდაპირ ეთერში ძალადობდნენ. მინდა, მოვუწოდო, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატებს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე 12 პუნქტზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე, კარგად უნდა გესმოდეთ, როგორ ხალხთან გვაქვს საქმე. ამ ერთი წლის განმავლობაში გვექნება ძალიან ბევრი აქტივობა. გვახვედრებენ „ტიტუშკებს“, „ნასეტკებს“ და ქალბატონებსაც კი არ ინდობენ, ფიზიკურად უსწორდებიან. დღეს ხელისუფლებიდან არავის გახსნებია კახეთში დაზარალებულები, დასეტყვილები და უამრავი პრობლემა აქვთ ადგილობრივ მევენახეებს, ამაზე არ ზრუნავენ. მოვუწოდებ დიპლომატებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით. ვაპირებ, ჩემს კოლეგებთან ერთად ჩავიდე ჩოხატაურში და მასალას, რომელიც დასარიგებელია, დავარიგებ თანამებრძოლებთან ერთად. აბა, მობრძანდით, თუ ბიჭები ხართ, როგორც კასპში, საგარეჯოში, და მათ ენაზე რომ ვთქვათ, დაჩმორდით, მარტვილში და სამტრედიაში ერთი კაცი ვერ მოინახა, თუ მაგარი ბიჭები ხართ, მოდით ჩოხატაურში. ჩვენ ძალადობას ვერ წავახალისებთ და არც მოგვწონს, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, არავის და ვერავის თავს ვერ დავაჩაგვრინებთ და მივცემთ შესაძლებლობას, თავ-ყბა დაგვამტვრიონ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შსს-მ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.