ლევან ხაბეიშვილი - უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა ჯვრის მონასტერში, წულუკიანს სასწრაფო რეაგირებისკენ მოვუწოდებ, მზად ვართ, ჩავრთოთ პროფესიონალები
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შეთავაზება კვლავ ძალაშია, რომ მზად არიან, გელათთან დაკავშირებით სპეციალისტები ჩამოიყვანონ და ფინანსური კუთხითაც ყველაფერი თავად უზრუნველყონ.
მისივე თქმით, გელათის ტაძრის პარალელურად, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა ჯვრის მონასტერში. ხაბეიშვილმა თეა წულუკიანს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ფაქტობრივად ნადგურდება, ინგრევა იქაურობა. ჩვენი შეთავაზება ძალაშია, რომელიც გულისხმობს პროფესიონალების ჩამოყვანას, მათ შორის ფინანსურად ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს თავზე ავიღებთ ამ ადამიანების ჩამოყვანას, რათა გადარჩეს გელათში ის ნაწილი მაინც, რისი გადარჩენაც შესაძლებელია. ამის პარალელურად, ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, სადაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, ფაქტობრივად ინგრევა მეექვსე საუკუნის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ქვები ცვივა. არაფერს ვაჭარბებ, წყალი ჩამოდის, ვანდალიზმის ფაქტებია, რუსული წარწერებია გაჩენილი. ხავსი არის მოკიდებული ჯვრის მონასტერზე.
თანხა აშშ-ს გამოყოფილი ჰქონდა და გამოყოფილი აქვს, თუმცა ჯალათია წულუკიანი. ყველაფერს აკეთებს, რათა ჯვრის მონასტერი დაინგრეს, ქვები ცვიოდეს, წყალი ჩადიოდეს და უბედურება ხდებოდეს აქ. ამიტომ მოვუწოდებ, სასწრაფო რეაგირება ჰქონდეს, ეს არის აუცილებლობა. ჩემდა სამწუხაროდ, ერთ წელზე მეტია, წყალი ჩამოდის აქ და ქვები ცვივა. ამიტომ იგივე შეთავაზებას გავაკეთებ აქაც, მზად ვართ, ჩავრთოთ მაღალი დონის პროფესიონალები და უზრუნველვყოთ, რომ ეს მონასტერიც შენარჩუნებული იქნას. ბიძინა ივანიშვილი და წულუკიანი აკეთებენ ყველაფერს, რომ წაშალონ ჩვენი ისტორია, დაანგრიონ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობები და კიდევ ერთი ფაქტი არის ჯვრის მონასტერი, რომელიც ამას ადასტურებს. მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები. მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ მოხდეს გამოყოფილი თანხის ათვისება. გამოყოფილია თანხა და არ აკეთებს წულუკიანი. უნდა მოხდეს სწრაფად, ვიდრე დაინგრა ეს კულტურული ძეგლი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.