ლევან ხაბეიშვილი - თბილისის ზღვაში ფეკალიები ჩაედინება, საჭიროა სასწრაფო რეაგირება, სინჯების აღება და წყლის შემოწმება
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი საკრებულოსა და მერიას თბილისის ზღვაში ჩამავალი ფეკალიების გამო, წყლის ლაბორატორიული შემოწმებისკენ მოუწოდებს.
სწორედ ამ საკითხის დაყენებას აპირებს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხაბეიშვილი.
მისი განცხადებით, დაბინძურებისა და ამის შედეგად ეპიდემიის პრევენციის მიზნით, პრობლემა სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს.
„თბილისის ზღვაში ფეკალიები ჩაედინება და ფაქტობრივად, ეკოლოგიური კატასტროფაა, ამაზე თბილისის მერსა და საკრებულოს უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ რეაგირება, უკვე უნდა ამოწმებდნენ, სინჯებს იღებდნენ თბილისის ზღვიდან, რადგან თუ ეს მომწამვლელია და ეპიდემიის საფრთხეს ქმნის, სასწრაფოდ უნდა მოხდეს აღკვეთა, რათა წყლით თბილისელები არ მომარაგდნენ, სანამ ეს პრობლემა არ გადაიჭრება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის საკითხსაც დააყენებს, რომლის გამოც ის ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
„ვერეს ხეობაში, დატბორვის ზონაში გაყიდეს მიწის ნაკვეთი და მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ეს დატბორვის ზონაა და უნდათ, კომპანიებს გაუცვალონ. როცა ვამბობდით, რომ დატბორვის ზონაა და არ შეიძლებოდა გაყიდვა, კიდეც მიყიდეს, ზონალური ცვლილებაც განახორციელეს და მშენებლობის ნებართვაც გაიცა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ამ ქმედებით, მიწას ფასი გაუზარდეს და კომპანიას ახლა უფრო ძვირადღირებულ ტერიტორიაში უცვლიან, ვიდრე თავის დროზე დატბორვის ზონაში იყიდა მიწა.