ლევან ხაბეიშვილი - სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულება მნიშვნელოვანია, თუმცა რატომ ველოდებით, რომ იტყვიან, ხალხო გამოდით ქუჩაშიო
სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულება მნიშვნელოვანია, თუმცა რატომ ველოდებით, რომ რომელიმე ქვეყანა ან თუნდაც აშშ რას იტყვის, რომ ეს უკანონო იყო და ხალხო, გამოდით ქუჩაშიო, ამას ელოდებით?, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ სამგორი მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებას შეეხებოდა.
„ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა და არა ვინმემ ქვეყნის გარეთ. ქართველ ხალხს წაართვეს კონსტიტუციური უფლება, ქვეყანაში მყარდება დიქტატურა, შესაბამისად, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, დაიცავს თუ არა თავის სახელმწიფოს. სტრატეგიული პარტნიორის დამოკიდებულება, შენიშვნა და მოწოდება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა თქვენ რა გგონიათ, რატომ ველოდებით იმას, რომ რომელიმე ქვეყანა ან თუნდაც აშშ რას იტყვის, რომ ეს უკანონო იყო და ხალხო, გამოდით ქუჩაშიო, ამას ელოდებით? ამას, რა თქმა უნდა არ გააკეთებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
დღეს, საქართველოში ამერიკის საელჩომ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.
ამასთან, როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.
„საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.