ლევან ხაბეიშვილი - საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსული ხელისუფლებაა საქართველოში და ისინი ჩვენი ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებენ
საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსული ხელისუფლებაა საქართველოში და ისინი ჩვენი ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსული ოცნება ვერ იტანს ქართველ სამხედროებს, ოფიცრებსა და გენერლებს.
„მას შემდეგ, რაც რუსეთმა შური ვერ იძია ქართველ ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე, სერჟანტებზე და მათ წააგეს ჰააგის სასამართლო, ქართულმა ანუ რუსულმა ოცნებამაც, მოღალატეობრივმა ხელისუფლებამაც წააგო ჰააგაში სასამართლო, რუსულ ოცნებას დაევალა ამხანაგური კომუნისტური სასამართლოს მეშვეობით, ვგულისხმობ ფრიდონ ინჯიას ბოდვებს, თურმე გაასამართლონ ჩვენი ჯარისკაცები, ოფიცრები, გენერლები, სერჟანტები. საქართველოს მოსახლეობამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსეთი და რუსული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე ვერ იტანენ ქართველ სამხედროებს, ვერ იტანენ ჩვენს ოფიცრებს, გენერლებს, სერჟანტებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ პირობებში იდევნება, დიახ, რუსეთთან მებრძოლი გენერლები, რუსეთთან მებრძოლი მთავარსარდალი და, ფაქტობრივად, კლავენ ციხეში წამებით. მათ ეზიზღებათ, სძულთ ყველაფერი ქართული, პატრიოტული, რითიც ჩვენი ქვეყანა ამაყობს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, კარგად ხედავს მოსახლეობა, რომ ევროპელებს აბრალებენ, თითქოს მათ უნდათ ომი.
„აბრალებენ, თურმე გავლენის აგენტები ჰყავთ საქართველოში. კარგად უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ, ჩვენო ძვირფასებო, რუსული ხელისუფლებაა საქართველოში და ისინი ახორციელებენ საბოტაჟს ჩვენი ევროპული მომავლისას. ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი, რომ საბოტაჟი მოახდინონ ევროკავშირის სტატუსის და, შესაბამისად, რომელი კანონიც შემოიტანეს, ვგულისხმობ, რუსულ კანონს, სწორედ ემსახურება იმას, რომ ჩვენ არ მივიღოთ ევროკავშირის სტატუსი. ის, რაზეც ახლა იწყებენ საუბარს, ჩვენს ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე, გენერლებზე თავდასხმას ესეც ემსახურება კრემლისა და მკვლელი პუტინის ინტერესებს. ჩვენს ქვეყანაში, პირდაპირი მნიშვნელობით, კრემლის პროპაგანდა იქოქება. ამიტომ ჯერი არის ქართველ ხალხზე და ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, ეს ქვეყანა რუსული კლანჭებისგან არის საქართველოს მოქალაქეების, მოსახლეობის დასახსნელი.
მე და ჩვენი გუნდი, და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი, გავაკეთებთ ყველაფერს რუსული ოცნების დასასრულებლად და ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა კრემლის აგენტურის მსგავსად ამბობს, რომ ომის დაწყების საკითხები და დანაშაულები გადასახედია, პროპაგანდირებს რუსულად პუტინის ენით, ყველა ამ ადამიანს ისტორიაც და სამართალიც აუცილებლად გასცემს პასუხს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.