ლევან ხაბეიშვილი - სასამართლო პროცესი როგორც კი ჩაინიშნება, ვაპირებთ, ვიყოთ კიდევ უფრო მობილიზებული, რათა მხარი დავუჭიროთ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას
ველოდებით სასამართლო პროცესს და როგორც კი ჩაინიშნება პროცესი, ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტად მობილიზებული ვიყოთ, სადაც მხარს დავუჭერთ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას, რათა უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უცხოეთში გადაყვანის შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა.
„ცხადია, პარტიას შეეძლო მეტის გაკეთება, მეტი აქტიურობა. არჩევნები იმიტომ არის, რომ გვინდა მეტი აქტიურობა და პარტიის გაძლიერება. დღევანდელი აქცია იყო სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად. ველოდებით სასამართლო პროცესს და როგორც კი ჩაინიშნება სასამართლო, ჩვენ ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტად მობილიზებული ვიყოთ და უკვე სასამართლო პროცესზე დავუჭიროთ მხარი პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანას უცხოეთში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. აქტიურობა არც აქამდე არ მაკლდა, შესაბამისად, თუ პარტიის ამომრჩეველი საჭიროდ ჩათვლის, რომ მე უნდა ვიყო თავმჯდომარე, ცხადია, ვიქნები ზეაქტიური“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.