ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, თუ ვინმეს რამე კომპლექსები აქვს, მისი საქმეა
9 აპრილის აქციის მთავარი მოთხოვნა უკავშირდება კანდიდატის სტატუსს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იმას, რომ საქართველო არ უნდა გახდეს რუსეთის გუბერნია, საქართველოში არ უნდა იყოს რუსული მთავრობა, რომელიც კრემლიდან წამოსული მესიჯებით საუბრობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი გემოვნებისა, დღეს დაააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.
„დღევანდელი აქციის შინაარსიც არის, ერთად შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ აქცია იქნება მრავალფეროვანი. საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი გემოვნებისა, ვისაც სურს საქართველოს ევროპული მომავალი, დღეს შევიკრიბებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება და არ აპირებს, საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად. ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, მოვისმინე მათი ლიდერების განცხადებები, ისინი არათუ უერთდებიან აქციებს, არამედ არიან თანაორგანიზატორებიც, შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს იქნება აქციაზე, იქნება ორგანიზატორი. არავის აქციაზე მოსვლისკენ არ მოვუწოდებ, მოვუწოდებ, საკუთარი მომავლისთვის დაცვისკენ. დარწმუნებული ვარ, ბევრნი ვიქნებით. საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, თუ ვინმეს რაიმე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა. ჩვენ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“, ვიქნებით და ვართ ყველგან, სადაც საქართველოს თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.