ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს მოუწოდებს, თბილისში ქაოსური მშენებლობების საკითხით დაინტერესდეს
საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, კომპანია “არქი ჯგუფი” რამდენიმე მისამართზე აწარმოებს უკანონო მშენებლობას, მათ შორის ჩაჩავასა და პეტრიწის ქუჩებზე.
მისივე თქმით, “არქი ჯგუფის” მფლობელი არის ივლიანე წულაია, რომელიც დედაქალაქის მერის კახა კალაძის მეგობარია.
ლევან ხაბეიშვილი თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს მიმართავს, გასცეს პასუხი კითხვებს, თუ რატომ არ შეჩერდა ჩაჩავასა და პეტრიწის ქუჩებზე მშენებლობები და რატომ არ დაჯარიმდა ივლიანე წულაია.
„ივლიანე წულაია არის ადამიანი, რომლის მფლობელობაშიც არის “არქი ჯგუფი”. ეს კომპანია რამდენიმე მისამართზე აწარმოებს უკანონო მშენებლობებს. მათ შორის ჩაჩავას N4-ში და პეტრიწის ქუჩის გადაკვეთაზე, სადაც წულაია ადამიანებზე ყიდის ჰაერს. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვა არ აქვთ, საძირკველი გათხრილია და მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია თამარაშვილის N13-ში მიმდინარე მშენებლობები. 2013 წელს მერია წერდა, რომ რეკრეაციული ზონა იყო და აქ მშენებლობა არ შეიძლებოდა. 2017 წელს ისევ წულაიას სასარგებლოდ 25სართულიანი კორპუსი შენდება”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მან უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, რომ დედაქალაქის ქოასური განაშენიანების პრობლემით დაინტერესდნენ.
„თქვენ რომ ფრიდონა გგონიათ, ის არის “ფრიდომ ჰაუსი” და რომ იცოდეთ ის აშშ ბიუჯეტიდან ფინანსდება” , – განაცხადა ხაბეიშვილმა.