ლევან ხაბეიშვილი - სახელმწიფოს ყველა მოღალატე იქნება მხილებული, სანქცირებული ისევე, როგორც ფარცხალაძე, გავაგრძელებთ მოკვლევას და კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასახელებას
სახელმწიფოს ყველა მოღალატე იქნება მხილებული, სანქცირებული, ისევე როგორც ფარცხალაძე, გავაგრძელებთ მოკვლევას და კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასახელებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„წარმოგიდგენთ „ფეესბეს“ აგენტის, ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრებს, რომლის მეშვეობითაც რუსეთის ჯაჯუში ფარცხალაძე აკონტროლებს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, საბაჟოს და ფინანსურ პოლიციას. ფაქტობრივად, სტრატეგიულ ობიექტებზე ვსაუბრობთ. ასევე ფოთისა და ბათუმის პორტებზე, სადაც, მათ შორის, სავარაუდოდ, სანქცირებული ტვირთების გატარება ხდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს ის აკონტროლებს ვლადიმერ ხუნდაძის მეშვეობით, რომელიც ამავე სამსახურის უფროსის მოადგილეა, თუმცა ფაქტობრივად განაგებს აბსოლუტურად ყველაფერს ამ უწყებაში.
ფინანსთა სამინისტროში ის უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების გადაადგილებას შეუფერხებლად და უშუალოდ აკონტროლებს საბაჟოს. მისი უშუალო გავლენის ქვეშ იმყოფება ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი სოსო რამიშვილიც, რომელიც პარალელურად მუშაობდა სუს-ში, მუშაობდა რკინიგზაში და გახლავთ უჩა მამაცაშვილის ახლო გარემოცვა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, გარდა იმისა, რომ ფარცხალაძე დადასტურებული ჯაშუშია, ასევე ამ ჯაშუშურ საქმიანობაში, ცხადია, მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილის დახმარებით მიიღო სწორედ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა და ეს აგენტურულ ქსელში სწორედ უჩა მამაცაშვილის მეცადინეობით მოხდა, ცხადია, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მისი მთავარი მოკავშირე ამ საქმიანობაში არის უჩა მამაცაშვილი.
„ფეესბეს“ აგენტი ოთარ ფარცხალაძე და გრიგოლ ლილუაშვილი აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს ქვეყანაში, მათ შორის მათი ლობირებით დაინიშნა ბათუმის ნავთობტერმინალში საეჭვო წარსულის, შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის შვილი და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი, ვინმე გივი ქუთათელაძე, რომელიც პორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მოგვევლინა რამდენიმე თვეა, ფარცხალაძე-მამაცაშვილის ჩართულობით.
„ფეესბეს“ აგენტის, ოთარ ფარცხალაძისა და გრიგოლ ლილუაშვილის უშუალო ლობირებით ბათუმის პორტიდან, ნავთობტერმინალიდან გაუშვეს სახელმწიფო დაცვა და ნავთობტერმინალის დაცვის ფუნქცია აიღო შევარდნაძისდროინდელმა მაღალჩინოსანმა, სოსო ალავიძემ, რომელიც ასევე საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანია. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ „ფეესბეს“ მოთხოვნა იყო ამ ნავთობტერმინალში სოსო ალავიძის დანიშვნა.
ფოთის პორტსა და ნავთობტერმინალებს ასევე აკონტროლებს „ფეესბეს“ აგენტი ფარცხალაძე და მისი აღმასრულებელი ხელი გახლავთ სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ასევე ხელს უწყობს სანქცირებული „პეტროკასის“ ნავთობის შემოტანას საქართველოში და მის ტრანსპორტირებას, რაზეც ჩვენ არაერთი საჯარო განცხადება გაგვიკეთებია. ეს არის მოკლე ჩამონათვალი ფინანსთა სამინისტროში, შემოსავლების სამსახურში, ფოთისა და ბათუმის პორტებში ფარცხალაძის კლანის, რომელიც ხელმძღვანელობს, მათ შორის, სანქცირებული ტვირთების გატარებას. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ფარცხალაძე უკვე ჯაშუშად არის გამოცხადებული. ამიტომ სახელმწიფოს ყველა მოღალატე იქნება მხილებული. ყველა, ვინც ეხმარება პუტინს უკრაინაში ომში და საქართველოს ოკუპაციაში, აბსოლუტურად ყველა იქნება მხილებული და ყველა ეს ადამიანი, დარწმუნებული ვართ, იქნებიან სანქცირებული ისევე, როგორც ბატონი ფარცხალაძე. ჩვენ გავაგრძელებთ მოკვლევას და კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასახელებას, ვინც წარმოადგენს ფარცხალაძის კლანს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.